მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველომ კანდიდატის სტატუსი რეფორმებით უნდა დაიმსახუროს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემით, თუმცა საქართველოს ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. ეს განცხადება ბორელმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გააკეთა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, თუმცა ქვეყანამ დადგენილი 12 პრიორიტეტი უნდა შეასრულოს.

მისივე თქმით, პუნქტების შესრულება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.

“საქართველო მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირისთვის და ეს არის გადამწყვეტი პერიოდი თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ჩვენ განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების შესახებ, ასევე პირველად წარადგენენ მოხსენებას საქართველოს პროგრესის თაობაზე – როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ.

მინდა ვიყო ძალიან მკაფიო, ამ მნიშვნელოვან დროს ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროგაერთიანებისკენ მიმავალ გზაზე. კარი ღიაა და ამ გზაზე გვინდა რომ მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ, ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია სერიოზული ვალდებულებაა. კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაცა, რაც ქვეყნებს ეკუთვნით, ის უნდა დაიმსახურონ, დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემით. გულწრფელი რომ ვიყო, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი…

საქართველოს შემთხვევაში არსებობს 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ პრიორიტეტების შესრულება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ბრიუსელი გააბედნიეროთ ან ევროკავშირის წევრი ქვეყნები დააკმაყოფილოთ, [პრიორიტეტები უნდა შესრულდეს] იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გაუმჯობესდეს…”, – თქვა ბორელმა.

ბორელმა ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოში მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირება ხდება.

ბორელის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია, რაც გამოხატულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებაში, რომელიც 15 წელია საოკუპაციო ხაზთან მუშაობს მშვიდობის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას და ამისთვის 16 მილიონს გამოყოფს.

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. ის ხვალ გამართავს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრას, შეხვდება სამოქალაქო საზოგადოებას და ჩავა საოკუპაციო ხაზთანაც.

ციფრებზე რომ არ ვისაუბროთ, მოგიწოდებთ, დაველოდოთ ოქტომბერს, როდესაც იქნება ანგარიში, სადაც წაიკითხავთ, რამდენი რეკომენდაცია შესრულდა – ჩვენ ვამბობთ, რომ რეკომენდაციების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მყარად დგას , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 12 პუნქტის მიმართულებით დიდი შრომა გაწია და შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც აღებულია.

“საქართველოს ხელისუფლებამ გასწია უზარმაზარი შრომა, რათა საქართველოს 12 პუნქტი შეესრულებინა. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია, რათა თანმიმდევრულად განეხორციელებინა ყველა ის სამართლებრივი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას სჭირდება. ეს არ არის განყენებული, სტატიკური პროცესი. ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი რეფორმების, არა მხოლოდ 12 პუნქტის შესრულების, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლება ბატონ ბორელს ხვდება საკმაოდ მყარად იმ კუთხით, რომ 12 პუნქტის მიმართულებით დიდი შრომა გავწიეთ და შევასრულეთ დღევანდელი გადასახედიდან ის ვალდებულებები, რომელიც აღებულია”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვაზე, რამდენი ევრორეკომენდაციაა შესრულებული საქართველოს მიერ, დარჩიაშვილი კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, “რომელმაც შესაბამისი გავლენა იქონია საქართველოს რეფორმების პროცესზე”.

“ციფრებზე რომ არ ვისაუბროთ, მოგიწოდებთ, დაველოდოთ ოქტომბერს, როდესაც იქნება ანგარიში, სადაც წაიკითხავთ, რამდენი რეკომენდაცია შესრულდა – ჩვენ ვამბობთ, რომ რეკომენდაციების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მყარად დგას. შევასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც შესაბამისი გავლენა იქონია საქართველოს რეფორმების პროცესზე”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილმა ერთ-ერთი ევრორეკომენდაცია – დეპოლარიზაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ცალსახად თქმა, რომ ეს პუნქტი შესრულებულია, რთულია, “რადგან ეს არის საკითხი, რომელიც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ყველა მონაწილის მხრიდან საჭიროებს.

“როდესაც რეკომენდაციები მივიღეთ, მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ევროკავშირთან და ამას ვაგრძელებთ დღესაც. ბორელის დღეს ჩამოსვლაც, მინდა, აღიქვათ როგორც ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირიდან. ეს არის პოზიტიური სიგნალი იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის ძალიან პერსპექტიული. როდესაც რეკომენდაციების შესრულება-არ შესრულებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამის ცალსახად თქმა, რომ ეს პუნქტი შესრულებულია, ძალიან რთულია, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ყველა მონაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებას ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, რათა დეპოლარიზაცია მოხდეს. არიან ამ პროცესის მონაწილეები, რომელთაც ეს არ სურთ. შესაბამისად, შესრულდა თუ არა, საკითხის ასე ფორმულირება რთულია. ამიტომ, გთხოვთ, რეკომენდაციების შესრულების რაოდენობრივ შესრულებაში არ შეხვიდეთ, შეაფასეთ კონტექსტურად”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში ჯოზეფ ბორელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ „ევროკავშირს არ სურს, საქართველო გაწიროს, ქვეყანა აღმოჩნდეს რუსეთის კლანჭებში და, პრორუსული ხელისუფლების გამო, ევროკავშირში გაწევრიანების გზას ჩამოსცილდეს“.

„12-დან ცხრა რეკომენდაცია არ არის შესრულებული. ეს ვიზიტი იქნება მცდელობა, ხელისუფლება დაარწმუნონ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს თუ არ ასრულებენ, საქმეს მაინც ნუ გააფუჭებენ. მესიჯი იქნება – გაჩერდნენ. თუ რეკომენდაციებს არ ასრულებთ, ჯანდაბას, შეიძლება, თვალები დავხუჭოთ, მაგრამ საშინელებებს ნუ ჩადიხართ, პრეზიდენტს იმპიჩმენტს ნუ უცხადებთ, ნუ იღებთ აგენტების კანონებს და ნუ გაქვთ ანტიდასავლური განცხადებებიო. ისტორიულ გარემოებათა და გეოპოლიკური ვითარების გამო, საქართველო სტატუსს მიიღებს, მაგრამ ხელისუფლება გაჩერდეს. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი შეჩერდეს, რადგან ყველა ხედავს, რომ თუ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღო, ფაქტობრივად, გაფორმდება რუსეთის ორბიტაზე, რაც შეიძლება, მძიმე შედეგით დასრულდეს ხელისუფლებისთვისაც“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
დღეს საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 7-8 სექტემბერს გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button