1 წელი 13 ივნისის სტიქიიდან

სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, ზარალის ანაზღაურებას ხუთი ოჯახი კვლავ ელოდება. ისინი ამ დრომდე ქირით ცხოვრობენ. მათი თქმით, მერიიდან ქონდათ შეთავაზება კომპენსაციებსა და ბინით უზრუნველყოფაზეც, თუმცა, როგორც აცხადებენ, ეს არ შეესაბამებოდა მათ დანაკარგს, რის გამოც ვერ მოხერხდა შეთანხმება. ისინი თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზეც საუბრობენ.

წყნეთის ხევის ხუთი ოჯახი საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში იბრძვის. მერიაში ადასტურებენ, რომ ხუთ ოჯახთან ვერ შეთანხმდნენ და იმედოვნებენ, რომ ეს საკითხიც მოგვარდება.

სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტი კი დღეს ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას შეაფასებს. თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, კვლავ არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე და ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად მოახდინოს რეაგირება.

1 წელი ივნისის სტიქიიდან

13 ივნისის სტიქიიდან, გასული წლის ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან, ერთი წელი გავიდა. სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ, რომელიც ახალდაბაში ჩავიდა.

მოწყვეტილმა მასამ ვერეს ხეობაში მდინარის დაგუბებაც გამოწვია. დაახლოებით, ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა, სპეციალისტების შეფასებით, ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია.

სტიქიის ეპიცენტრები იყო სვანიძის ქუჩა, ასევე ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური. ტრაგედიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაკარგულად ითვლება. დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და ათასზე მეტი ფიზიკური პირი.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც. გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოტი ბეგი კი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში და ჟურნალების გარეკანზეც მოხვდა.

13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად, დღეს სამებაში პანაშვიდს გადაიხდიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button