ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით, დასავლეთიდან კვლავ კრიტიკა ისმის.
31 ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, მიმართავს. ისინი მოუწოდებენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.
როგორც ევროპარლამენტის დეპუტატის, პეტრას აუსტრევიჩუსის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულმა ქცევამ, მისმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების თვალსაზრისით, “ზღვარი გადალახა”. ასეთმა მოქმედებამ მეტად გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში.
“რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აიღო საქართველოს მთავრობამ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებისას და რაც არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ.”
ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ, დაიჭიროს “მტკიცე პოზიცია და მიიღოს შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.”
განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი
ქვეყნისთვის იგივეა და მას ყველამ უნდა სცეს პატივი.
“საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათ მიერ უცხოური აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის გატანის აგრესიული მცდელობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელთა გადადგმაზეც საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მტკიცე პოზიცია და შემდეგი ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.
პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის “ქართული ოცნების” ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს, ამიტომ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.
მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.
მესამე, საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ უნდა განხორციელდეს შეფერხების გარეშე. ეს ღონისძიება შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ.
ბოლო წლებში ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენ ახლაც მტკიცედ მივყვებით ამ გზას, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის არის იგივე და ისინი დაცული უნდა იყოს”.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობდნენ ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფების მხარდასაჭერად, გახდნენ ევროკავშირის წევრი.
„ვინარჩუნებთ მზადყოფნას ამის საკეთებლად, თუმცა დემოკრატიული კრიტერიუმი ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთნაირია და დაცული უნდა იყოს“, – ნათქვამია 31 დეპუტატის ერთობლივ წერილში.
ჯოზეფ ბორელისადმი წერილის ხელმომწერები არიან პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, სანდრა კლიენტე, მიხაელ გალერი, თიის როიტენი და სხვები. 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
რეზოლუცია, რომელსაც არასავალდებულო ხასიათი აქვს, ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება.
განცხადება გააკეთა მეთიუ მილერმაც, რომელმაც თქვა, რომ კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს და “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული პროექტი “ფარას” მსგავსი არ არის.
ოპოზიციას საერთაშორისო კრიტიკა არ უკვირს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ზოგიერთი საერთაშორისო აქტორის პოზიცია გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით, ორმაგი სტანდარტია. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის მიღების შეჩერებას გამორიცხავენ.
მეთიუ მილერის განცხადებას სოციალურ ქსელში მალევე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ სიმართლეს აცდენილია ინფორმაცია თითქოს ფარა ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ. მაგალითად კი, გიული ალსანია და დავით კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზია მოჰყავს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ სადაო არ არის რომ არც ერთი და არც მეორე, უკვე 12 წელია, საქართველოს “მთავრობის სახელით მოქმედი პირები” არ არიან. სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში. მისივე თქმით, გამჭვირვალების ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით, რადგან ის არ ეხება ფიზიკურ პირებს და არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
პარტნიორების გზავნილებს ერთგვარ გაფრთხილებად აღიქვამენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ამის შემდეგ შესაძლოა პერსონალური სანქციებიც ვიხილოთ
მმართველ გუნდისთვის კი საერთაშორისო აქტორების პოზიცია ორმაგი სტანდარტია. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის მიღების შეჩერებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არც ზეწოლის მცდელობის მიუხედავად არ შეიცვლება.
სახელისუფლებო ძალაში კანონის მისაღებად მზად არიან. მანამდე კი “არა რუსულ კანონს! კი – ევროპას! კი – გამჭვირვალობას! – ამ შინაარსის ბანერები სოციალურ ქსელში სწორედ “ქართული ოცნების” წევრებმა გააზიარეს. დაისვა შეკითხვაც – განასახიერებს თუ არა ბანერზე დატანილი ფერები რუსული დროშის ფერებს. უმრავლესობის ლიდერმა კითხვას სოციალურ ქსელშივე უპასუხა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, ევროპარლამენტარების პოზიცია ძალიან მკაფიოა და სამწუხაროა, რომ ამ ტიპის განხილვა ასეთ მაღალ დონეზე დაიწყო ევროკავშირში, რადგან ეს “პირდაპირ აზიანებს საქართველოს ინტეგრაციის მიზეზებს”.
მისი თქმით, წერილში მოყვანილი კონკრეტული მექანიზმები უმძიმესია ფორმაა, რომელიც კანდიდატის სტატუსისა და ფინანსური დახმარების შეჩერებას ითვალისწინებს.
“ევროპარლამენტარების პოზიცია არის ძალიან მკაფიო. სამწუხაროა, რომ ამ ტიპის განხილვა ასეთ მაღალ დონეზე დაიწყო ევროკავშირში. ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის მიზეზებს.
რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, რომლებიც ამ წერილშია მოყვანილი, ეს არის უმძიმესი მექანიზმები, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის, ფინანსური დახმარების შეჩერება.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურად უნდა ვიღოთ. ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი, რომ საბოლო გამარჯვებას მივაღწიოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის, განცხადებით, აშშ-ის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, შემდეგი ეტაპი იქნება პერსონალური სანქციები.
“აშშ-ს აქვს კანონმდებლობა, რომელიც სხვა ქვეყნების მთავრობის თუ პოლიტიკური აქტორების მიერ ლობირების გამჭვირვალეობას ითხოვს, შეადაროს ეს კანონი რუსულ კანონს, რომლის ამოცანაა საქართველოში ყველა ორგანიზაციის უცხოური გავლენების აგენტებად გამოცხადება. აშშ-მა ძალიან ნათლად დააფიქსირა პოზიცია. მე ძალიან სერიოზულად მივიღებდი გაფრთხილებას, რადგან, ამ კანონის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, შემდეგი ეტაპი იქნება იმ შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის გათვალისწინებული იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. პირველ და მეორე კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას მხარი 83-83 დეპუტატმა დაუჭირა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტის მიღების პარალელურად, იძაბება საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან.
“აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში, თბილისში, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება.
პროექტის კანონად ქცევას “ქართული ოცნება” მომავალი კვირიდან შეუდგება, გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხილვას იურიდიული კომიტეტი ორშაბათიდან დაიწყებს.