მნიშვნელოვანისიახლეები

„თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესში შესული ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.

ცნობისთვის ცვლილებებით სტუდენტებისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება და გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს.

მეორე მოსმენისას დაზუსტდა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც 2024 წლის პირველ იანვრამდე ონლაინსტუდენტის სტატუსი ექნებათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

„2024 წლის პირველ იანვრამდე ვისაც ექნება ონლაინსტუდენტის სტატუსი, მასზე არ გავრცელდება ეს ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს, რომ გადავადების საფუძველი აღარ იქნება ონლაინსტუდენტის სტატუსი, მაგრამ იქნება შეთავაზებული სხვადასხვა ვარიაცია, მათ შორის სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა, რომელიც თავსებადს ხდის როგორც სწავლას, ასევე სამხედრო სამსახურს. მოგეხსენებათ, ეს გულისხმობს ზაფხულში ერთ თვეს ოთხი წლის განმავლობაში. რაც შეეხება თვითონ ამოქმედებას ამ ინიციატივის, ეს ამოქმედდება 2025 წლის პირველი იანვრიდან. ჩვენ ეს ვადა ავიღეთ, რადგან რეფორმა ხორციელდება 2025 წლის პირველი იანვრიდან და ის ვარიაციები, რაც არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის, ეს პროგრამები 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა გიორგაძემ.
კიდევ ერთი ცვლილებით, სასამართლო სარჩელი გაწვევის პროცესს ვეღარ შეაჩერებს. ეს საკითხი იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს რწმენის, რელიგიის ან აღმსარებლობის მოტივით ამბობენ. ასეთები სასულიერო პირები, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ან პაციფისტები (ომის საწინააღმდეგო მოძრაობა) არიან.

ისინი გაწვევის კომისიას მიმართავენ და ალტერნატიული არასამხედრო სამსახურის გავლას მოითხოვენ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე თავდაცვის მინისტრი იღებს, ანუ გამოსცემს ბრძანებას, წაიყვანონ თუ არა ესა თუ ის პირი ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში. ძველი წესით, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება გაწვევის გადავადების საფუძველი იყო. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა. პირველი მოსმენა გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button