თბილისში პოლიციელი დაჭრეს
დაჭრილ პოლიციელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
სამართალდამცველი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს. მომხდარის დეტალები, ამ დროისათვის, უცნობია.
პოლიციელის დაჭრის ფაქტზე გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს.
პროკურატურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ. დანაშაულის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.