მნიშვნელოვანისაქართველო

“ჩემმა გადადგომამ კრიზისი შეიძლება განმუხტოს ან გააღრმავოს” – გახარია

“ჩემი სახელი არ არის მიზანი, ჩემი მიზანია შედეგი, ეფექტურობა და ის განვითარება, რაც ჩემი მუშაობის დროს შემიძლია მოვიტანო”, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე.  

შეკითხვაზე, განმუხტავს თუ არა მინისტრის გადადგომა კრიზისს, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ გადადგომამ კრიზისი შეიძლება განმუხტოს ან გააღრმავოს.

„დღეს მაქვს კონკრეტული ამოცანები, რომლის ძირითადი გარემოება შემდეგია: პოლიცია, რომელიც ამ ღონისძიების შემდეგ არის მისახედი. ასევე, გამოძიება, რომელიც დაწყებული გვაქვს ორგანიზებული ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის სახით, რომელიც ასევე არის ჩემი დასასრულებელი“, – თქვა შს მინისტრმა.

მისივე სიტყვებით: „ყველა ბრძანებაზე, რომელიც იმ ღამეს იყო გაცემული, პასუხისმგებელი ვარ მე და არა აქვს მნიშვნელობა, ვის მიერ იყო გაცემული“, – განაცხადა შს მინისტრმა 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით.

27 ივნისს, სატელევიზიო ტოკშოუების წამყვანებთან შეხვედრის დროს, გიორგი გახარიას დაუსვეს შეკითხვები – ვის გულისხმობს ის და შესაძლებელია თუ არა, რომ კიდევ ვინმეს გაეცა ბრძანებები აქციის დაშლის პროცესში? მინისტრმა კონკრეტული პირები არ დაასახელა და თქვა, რომ პასუხისმგებლობის გადანაწილებას არ აპირებს.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

აქციის დაშლის შედეგად, საავადმყოფოში მოხვდა 240-მდე ადამიანი, ორმა დაკარგა თვალი. 305 პირი დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button