მნიშვნელოვანისიახლეები

თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ გადადგომას აპირებდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას, პირადი მოსაზრებების გამო, ნამდვილად აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა.

როგორც TV პირველთან ინტერვიუში ცერცვაძე განმარტავს, გადაწყვეტილების შეცვლა კორონავირუსის შემთხვევების მზარდ სტატისტიკას უკავშირდება.

“მქონდა რაღაც ჩემი პირადი მოსაზრებები და ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები. არ არის იშვიათი, როცა ადამიანი ფიქრობს, ხომ არ ჯობია, რომ გადადგეს. რატომ, ამას არ დავაზუსტებ. გადაწყვეტილება შევცვალე იმიტომ, რომ ჩავთვალე, ახლა, როცა არის შემთხვევების მატება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ

იგი გამორიცხავს იმას, რომ მისი ეს გადაწყვეტილება მთავრობის წევრებთან დაპირისპირებას უკავშირდებოდა.

ცერცვაძემ, ასევე დაადასტურა, რომ არაერთხელ შეხვდა გიორგი გახარიასაც, თუმცა, როგორც ამბობს, ამას მის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს.

მან ასევე აღნიშნა, რომ Covid-19-ის პანდემიამდეც აპირებდა თანამდებობის დატოვებას, თუმცა მაშინ მიზეზი იყო ინფექციური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა.

“ჩემი გადადგომის წინა მცდელობა მთლიანად დამოკიდებული იყო ჩვენს ამ მოთხოვნასთან, რომ გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა და მიგვეღო ახალი შენობა”, – ამბობს ცერცვაძე.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. ამასთან დაკავშირებით საღამოს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button