თურქეთი: ჩამოგდებულ СУ-24-ზე პასუხს არ ვაგებთ
NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ განახცადა, რომ ანკარა ჩამოგდებული СУ-24-ის გამო რუსეთს ბოდიშს არ მოუხდის, ვინაიდან მომხდარზე პასუხს არ აგებს, – გადმოსცემს თურქული სააგენტო Anadolu.
“რუსული თვითმფრინავის დაღუპვა განვიხილეთ. ჩვენ მხოლოდ საკუთარ საზღვარს ვიცავდით. რუსეთის მხარემ საზღვარი სამჯერ დაარღვია და ჩვენ სამჯერვე გავაფრთხილეთ. თურქეთი 24 ნოემბრის ინციდენტზე პასუხს არ აგებს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დონის შეხვედრებისთვის”, – განაცხადა დავუთოღლუმ.
“თურქეთ-სირიის საზღვარი NATO-ს საზღვარია. ეს დარღვევა მარტო თურქეთის მიმართ არ განხორციელებულა, ეს დარღვევა NATO-ს წინააღმდეგაც არის მიმართული. საკუთარი მოვალეობის შესრულებისთვის ბოდიში არცერთმა ქვეყანამ უნდა მოიხადოს. ჩვენმა ჯარმა საკუთარი მოვალეობა მოიხადა. არცერთი ქვეყანა ჩვენგან ბოდიშს არ უნდა ელოდოს. ჩვენ არსებულ მდგომარეობას არ დავძაბავთ და დიალოგისთვის მზად ვართ”, – ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის პრემიერმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაღუპულ რუსულ თვითმფრინავზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“დაღუპულ თვითმფრინავზე თურქეთმა დეტალური ინფორმაცია გადმოგვცა. ცნობები სხვა წყაროებიდანაც მივიღეთ. ყველა მონაცემი თურქეთისას ემთხვევა. თურქეთს საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვის უფლება აქვს”, – დასძინა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოგანმა აღნიშნული ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, ჩამოგდებული რუსული თვითმფრიბავის გამო, ბოდიშს არ მოიხდის, ვინაიდან რუსულმა ბომბდამშენმა თურქეთის საჰაერო სივრცე გადალახა.
სირიაში რუსულ Су-24-ზე თურქული F-16-ის მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. კრემლმა ამ ინციდენტის გამო თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. სანქციები რუსეთში არა მარტო თურქული პროდუქციის იმპორტს ამცირებს, არამედ თურქი მუშახელის კონტრაქტების გაგრძელებას კრძალავს და რუსეთში მოქმედი თურქული კომპანიების საქმიანობას ზღუდავს.