თურქეთში დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თურქეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან, ასევე სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ ანკარაში საქართველოს საელჩოს და გენერალურ საკონსულოებს ტრაპზონსა და სტამბოლში, სადაც 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი. ცხელი ხაზი მოქმედებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტშიც.

თურქეთში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 50-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმა დიარბაქირში, ავტომობილში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

დაშავებულთა შორის არიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები ასევე სამართალდამცველები.

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სავარაუდოდ თავდასხმა ქურთების მუშათა პარტიამ განახორციელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button