მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა-თურქეთის მე-13 პრეზიდენტად კენჭს იყრიან მოქმედი პრეზიდენტი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი

ადგილობრივი დროით 17:00 საათზე თურქეთში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნები იხურება.

მეორე ტურში თურქეთის მე-13 პრეზიდენტად კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ
მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

ორივე კანდიდატმა ბოლო წინასაარჩევნო მიტინგი სტამბოლში გამართა. პრეზიდენტი ერდოღანი მოქალაქეებს არჩეული კურსის გაგრძელებას და მსოფლიო ასპარეზზე თურქეთის პოზიციების განმტკიცებას ჰპირდება. ის ასევე გამოვიდა დაპირებით, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში პენსიები და სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები გაიზრდება. ერდოღანი ოპოზიციას თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ქურთ მუშათა პარტიის“ მხარდაჭერაში სდებს ბრალს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

ერდოღანი მეორე ტურში კამპანიის დროს აქცენტს თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილების პრობლემების გადაწყვეტასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაზე აკეთებდა. თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციას დასავლეთის მიერ მართულებს უწოდებს და ოპონენტს სიძულვილის ენით საუბრის გამო აკრიტიკებს.

გაერთიანებულო ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრობდა. ის ასევე გამოდიოდა ქვეყანაში მყოფი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პირობით. მან ერდოღანი პირადად დაადანაშაულა თურქეთში მიგრანტების შემოშვებაში.

ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება და ქვეყანა, სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად, ისევ საპარლამენტო რესპუბლიკას იქცევა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 60 მლნზე მეტმა ადგილობრივმა ამომრჩეველმა 191 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

არჩევნების პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით აჯობა.
მოსალოდნელია, რომ შედეგები თურქეთის დროით 21:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რა დროსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88 პროცენტი. ნაციონალისტმა კანდიდატმა, სინან ოგანმა პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 5.17 პროცენტი მიიღო. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უჭერს

მსგავსი პოსტები

Back to top button