მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

TI: “128 მილიონი ლარი მაღალჩინოსნების კომპანიებისთვის”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე ბოლო 10 თვის განმავლობაში მომხდარი შემთხვევები გამოავლინა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 10 მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვებიდან, კორუფციული რისკებით, 128 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო.

ათეულში შედის პარლამენტის 4 მაჟორიტატი დეპუტატი. არასამთავრობო ორგანიზაციამ ინფორმაცია ბოლო 10 თვის განმავლობაში მოაგროვა.

„დეპუტატად არჩევის შემდეგ გორის მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების სამმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 91,8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა 2013-2019 წლებში, მხოლოდ არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, 156 073 ლარი მიიღო. მან თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა ოჯახის საკუთრებაში არსებული 4 ქონება და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის 7 ფაქტი.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრების სამმა კომპანიამ, მხოლოდ საწვავის შესყიდვაზე, 2010-2019 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 312 278 ლარი მიიღო.

პარლამენტის წევრის, ჯუმბერ იზორიას ძმისგან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპიმ ბოლო 3 წლის განმავლობაში 16-ჯერ შეისყიდა გამარტივებული წესით საწვავი და ჯამში, 145 966 ლარი გადაიხადა.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებულმა 4-მა კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 524 902 ლარი მიიღო 2014 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მელიქიძე ჯერ ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი, მერად აირჩიეს. ამავე პერიოდში, მისმა ძმამ და რძალმა მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდანდან 565 710 ლარი მიიღეს.

ახალციხის მერის მრჩევლის, გელვასი გელაძის კომპანიამ 2014 წლიდან, ანუ მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 103 065 ლარი მიიღო. გელაძე თავად იყო სატენდერო და მიღება-ჩაბარების კომისიების წევრი, სამუშაოთა მწარმოებელიც და ზედამხედველიც.

ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის ძმის, მალხაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანიამ 2016-2019 წლებში, მხოლოდ ასპინძის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან, 740 065 ლარი მიიღო.

ბათუმის საკრებულოს წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კომპანიამ, შპს “აჭარგანათებამ”, მხოლოდ ბათუმის მერიის შესყიდვებიდან, ბოლო 8 წელიწადში 23 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

სიღნაღის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ივანე მირიანაშვილთან დაკავშირებულმა ექვსმა კომპანიამ, ბოლო 7 წლის განმავლობაში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 5 375 427 ლარი მიიღო.

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებიდან, მხოლოდ 2019 წელს, 1,4 მილიონი ლარი მიიღო”. – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button