ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებზე თანახმაა
შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაეთანხმა ტელეარხ Fox News-ის შეთავაზებას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისთან დებატების გამართვაზე.
დონალდ ტრამპის განცხადებით ახალი დებატები პენსილვანიაში, 4 სექტემბერს, გაიმართება და ცოცხალი აუდიტორია ეყოლება. მისი მოდერატორები კი Fox News-ის წამყვანები ბრეტ ბაიერი და მართა მაკკალუმი იქნებიან.
“მე დავთანხმდი Fox News-ს კამალა ჰარისთან დებატებზე ოთხშაბათს, 4 სექტემბერს. დებატები ადრე დაგეგმილი იყო ABC-ზე მძინარა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, თუმცა ეს გაუქმდა, რადგან ბაიდენი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს…
FoxNews-ის დებატები გაიმართება პენსილვანიის დიდ თანამეგობრობაში. დებატების მოდერატორები იქნებიან ბრეტ ბაიერი და მართა მაკკალუმი, და წესები იქნება ჩემი დებატების წესების მსგავსი მძინარა ჯოსთან, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა – თუმცა, აუდიტორიის დასწრებით,” – განაცხადა ტრამპმა.
ამ დროისთვის უცნობია დათანხმდება თუ არა დებატებს კამალა ჰარისი. მის კამპანიას CNN-ისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
„წესები მსგავსი იქნება მძინარა ჯოსთან ჩემი წინა დებატებისა“, – დაწერა ტრამპმა და ასე მოიხსენია მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
Fox News-მა გასულ თვეს შესთავაზა ტრამპსა და ჰარისს დებატების გამართვა. ჰარისმა მზაობა გამოთქვა, თუმცა ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჰარისი არ იყო ოფიციალური კანდიდატი და მასთან დებატებს არ გამართავდა.
დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის დებატები 27 ივნისს გაიმართა. სწორედ ეს დებატები აღმოჩნდა გადამწყვეტი დემოკრატიული პარტიის – პრეზიდენტის არასახარბიელო გამოსვლა საკუთარ გუნდში არაერთმა ლიდერმა გააკრიტიკა.
საბოლოოდ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ივლისში გამოეთიშა. მის ნაცვლად პრეზიდენტობისათვის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იბრძოლებს.
ამჟამად ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა საკმარისი ხმები აქვს მოპოვებული დემოკრატი დელეგატებისგან იმისთვის, რომ პარტიის კანდიდატი გახდეს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
შეგახსენებთ კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი იქნება. ვიცე პრეზიდენტმა პარტიის მიერ ჩატარებული კენჭისყრისას აუცილებელი ხმების რაოდენობის მოპოვება შეძლო. ამერიკის დემოკრატიული პარტია კანდიდატის შერჩევის კენჭისყრას ონლაინ ატარებს, პროცესი 1 აგვისტოს დაიწყო და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
კამალა ჰარისმა საკმარისი ხმები უკვე მოიპოვა. მას ხმა მისცა პარტიის 2350-მა წარმომადგენელმა. კენჭისყრაში კი სულ 3923 დელეგატი მონაწილეობს. კამალა ჰარისის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარდგენა მისთვის დიდი პატივია.
ცნობილია, რომ ის ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი და აზიური წარმომავლობის ქალია, რომელიც მსხვილ პარტიას წარადგენს. კამალა ჰარისის შტაბმა საარჩევნო კამპანიისთვის ივლისის თვეში 310 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო. დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის დებატები 4 სექტემბერს პენსილვანიაში გაიმართება. საპრეზიდენტო დებატები ტელეკომპანია “ფოქს ნიუსის” ეთერში შედგება. ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.