ტრანსგენდერები პანდემიის პირობებში

ტრანსგენდერი ქალი, სესილი ცომაია ჰყვება, რომ კომენდანტის საათის დროს პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. მისი თქმით, დაზიანებები სხეულისა და თავის არეში აქვს მიღებული. სამართალდამცავის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო, ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება უკვე დაწყებულია.
როგორც სესილი On.ge-ს უყვება, შემთხვევა 30 აპრილს, ღამის 11 საათზე მოხდა. ის მუხიანში სტუმრად იყო, აფთიაქში ჩავიდა, მაგრამ აფთიაქიც ვერ იპოვა და სახლისკენ მისასვლელი გზაც ვეღარ გააგნო. დასახმარებლად კი, მეგობარს დაურეკა.
ორმა მეგობარმა მას მანქანით მიაკითხა. ტრანსგენდერი ქალი ჰყვება, რომ ამ დროს სამოქალაქო მანქანით, სამოქალაქო ფორმაში კრიმინალური პოლიცია გამოჩნდა, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო.
“რას აკეთებთ, რა დღეში ხართ, რა ხდება-მეთქი. თუ რამე ხდება დაწერეთ შესაბამისი ოქმი, რომელიც კომენდანტის დარღვევას ითვალისწინებს. იყო გინება, შეურაცხყოფა, ჩემს მეგობრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ამათთან ერთად დადიხართ, შენი ასე, შენი ისე. მერე უკვე სხვა ეკიპაჟები მოვიდნენ”, — ამბობს სესილი.
მისი თქმით, თავიდან სამი პოლიციელი იყო, თუმცა, შემდეგ დამატებით 9 ეკიპაჟი გამოჩნდა და 20-25 ადამიანი მას და მის მეგობრებს ერთდროულად აყენებდა შეურაცხყოფას. როგორც სესილი იხსნებს, ნაწილს პოლიციის ფორმაც ეცვა. ამბობს, რომ განსაკუთრებული სისასტიკით მათი უფროსი გამოირჩეოდა:
“მერე მათი უფროსი მოვიდა და იმან საერთოდ თქვენი არასამთავრობოების ასე, თქვენ ვინც გიცავთ, იმათი ისე და იძულებული გავხდი… გადავიჩეხე ვენები”.
ტრანსგენდერი ქალი იხსენებს, რომ თვითდაზიანების შემდეგ, მას ხელბორკილები გაუკეთეს და ბოლომდე გადაუჭირეს. ამ დროს სასწრაფოც მოვიდა, რომელიც მაშინ გამოიძახეს, როცა მეგობარი შეუძლოდ გახდა.
“დამაგდეს გზაზე, სპეციალურად, მიზანმიმართულად, როგორც ჩემოდანს გააჩოჩებ, ისე გამაჩოჩეს ორი-სამი მეტრი. რომ გადამაჩოჩეს, უფროსი მოვიდა, ხელები დაბმული რომ მქონდა, ზურგში ჩამარტყა ფეხი და შემდეგ ფეხში. აქ უკვე თავში დამიბნელდა და იმ დროს სასწრაფო ბრიგადის თანამშრომელმა იკივლა, რას აკეთებთო და მეორე თანამშრომელმა ზედმეტი მოგდითო”.
სესილის თქმით, სამს შორის ყველაზე მეტად მას უსწორდებოდნენ. ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა ტრანსგენდერმა მოიტყუა, რომ ორსულად იყო. ფეხმძიმე ქალი ეგონათ, თორემ მის საცემადაც იწევდნენ.
ამ ინციდენტის შემდეგ სესილის მიმართ, პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, საქმეა აღძრული. სასამართლო პროცესი 7 მაისს გაიმართება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა On.ge-ს განუცხადა, რომ უფლებამოსილების შესაძლო, ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს ტრანსგენდერმა ქალმა კარანტინის პირობებში მძიმე სოციალური პრობლემების გაპროტესტებისას, თავის დაწვა სცადა. “თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად ლგბტქ ადამიანების საჭიროებები მოიაზროს და ისინი ბინის ქირის სუბსიდირებით ან თავშესაფრის შეთავაზებით უზრუნველყოს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება.
თბილისის მერიასთან მომხდარ უბედურ შემთხვევას, როცა ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა, ქადაგების დროს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი გამოეხმაურა. იგი ყველა უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეს სთავაზობს, რომ თავშესაფარი მათ ეკლესიაში მიიღონ.
“მე მინდა, მივმართო ყველა ადამიანს, ვინც დარჩენილია უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ტრანსგენდერი იქნება თუ ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. მოდით ჩვენთან ეკლესიაში და ჩვენ გაგიზიარებთ, რაც გვაქვს. წინასწარ ბოდიშს გიხდით მოკრძალებულობაზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ”. — აღნიშნა სონღულაშვილმა.
მისი თქმით, სირცხვილია, როცა ადამიანი მზადაა, თავი დაიწვას იმის გამო, რომ “მისი ბედი არავის აინტერესებს”.
“თითოეული ადამიანი, ტრანსსექსუალი იქნება ეს თუ ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ღმერთის ხატად და სახედ არის შექმნილი. შესაბამისად, ჩვენ ყველას მოწიწებული დამოკიდებულება გვმართებს ამ ადამიანის მიმართ.” — განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.
პანდემიის პერიოდში ტრანსგენდერი სექსმუშაკებისადმი დახმარების მზადყოფნა გამოთქვა რომის პაპმა. როგორც Fox News წერს, ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გაზეთი ავრცელებს.
როგორც სასულიერო პირი დონ ანდრეა კონოკია ყვება, ტრანსგენდერებმა დახმარება ითხოვეს, რადგან პანდემიის გამო შემოსავლის წყარო დაკარგეს. მათ პაპს კარდინალ კონრად კრაევსკის დახმარებით მიმართეს, რომელიც პონტიფიკის სახელით გაკეთებულ ქველმოქმედებაზეა პასუხისმგებელი.
“ფრანცისკეს რეაგირება იმწამიერი იყო”. — წერს იტალიური გაზეთი.
ამასთან, ტრანსგენდერებმა პაპ ფრანცისკეს აუდიოჩანაწერი გაუგზავნეს, რომელშიც დახმარებისთვის მადლობას უხდიან.
“დიდი მადლობა, პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობა ყველაფრისთვის. ათასი კურთხევა. ღვთისმშობელმა დაგლოცოთ!”
კორონავირუსისა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, იტალიაში კარანტინი გამოცხადდა. მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, აფთიაქებსა და მაღაზიებში შეეძლოთ. პანდემიის გამო, იტალიაში სექსმუშაკები კიდევ უფრო მეტ პრობლემას აწყდებიან, რადგან საბუთების გარეშე, გარკვეულ დახმარებებს ვერ იღებენ.