მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტრიოს ქვეყნების კანდიდატობის სტატუსზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს

ევროკომისიის საბოლოო შეფასებამდე, სულ ცოტა დრო რჩება. ამის შემდეგ, უკვე ივნისის ბოლოს, ტრიოს ქვეყნების კანდიდატობის სტატუსზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.

რა განწყობებია ევროპარლამენტში და როგორ ხედავენ ტრიოს ქვეყნების პერსპექტივებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში – ევროპარლამენტარების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ლეგიტიმური ევროპული მისწარფებები აღიარებული უნდა იყოს:

“ასეთ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში უნდა ვაღიაროთ საქართველოს ლეგიტიმური ევროპული მისწარფებები. იმედი მაქვს, რომ პოზიტიური სიგნალები და გზავნილები იქნება რეფორმების გატარების მიმართულებით, კანონის უზენაესობის კონსოლიდაციითა და დემოკრატიით. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა გარე ზეგავლენებისგან მოწყვლადები არიან. რუსეთი ცდილობს იმპერიის აღდგენას. ამ დროს კი სამივე ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირთან დაახლოება სურს. ამ ქვეყნების ლიდერებზეა დამოკიდებული, მოსახლეობის ამბიციები სათანადოდ იქნება თუ არა მხარდაჭერილი. ჩვენ უნდა დავუჭიროთ სამივე ქვეყნის მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს მხარი. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ, გვერდზე გადადონ ყველა განსხვავება და პირადი პარტიული ინტერესი და იმოქმედებენ ერთად, ხალხის ოცნების რეალიზაციისთვის,”- აცხადებს ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი.

ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი კი აცხადებს, რომ არაჩვეულებრივი პოლიტიკური ამინდია კანდიდატის სტატუსის მისაღებად არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც:

“ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. არაჩვეულებრივი პოლიტიკური ამინდია კანდიდატის სტატუსის მისაღებად არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისთვისაც. ახლა ევროკავშირმა უნდა მოახდინოს კეთილი ნების დემონსტრირება საქართველოსთვის გაერთიანების კარის გაღებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ნაბიჯია.

ევროკავშირის ინტერესშიც არის პოტენციური გაფართოება და ჩვენი გავლენის ზონების გაზრდა. ომის დროს უფრო მეტად მნიშვნელოვანია ასეთი ნაბიჯი გადაიდგას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიც შედის,” – აღნიშნავს ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი.

გამონაკლისი არც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიია, რომელიც ამბობს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრირება უნდა მოხდეს:

“ომი რომ არა, ახლა რა თქმა უნდა, არ დავიწყებდით არც ერთი ქვეყნის პოტენციური კანდიდატის სტატუსზე საუბარს. ახლა სრულიად სხვა ვითარებაა. უმრავლესობა თვლის, რომ ამ ქვეყნების ინტეგრირება უნდა მოვახდინოთ ევროკავშირში, თან ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ამ პროცესისთვის ძალიან ბევრი პირობა არსებობს, აპლიკანტმა ქვეყნებმა ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. მთავრობაზეა დამოკიდებული რა გზას აირჩევს, ნამდვილად სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, სურთ თუ არა რეფორმების იმპლემენტაცია. თუ ეს ყველაფერი შესრულდება, მაშინ საქართველო ევროპის გზას დაუახლოვდება. ჩვენ ყველას გვსურს საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდეს,”- აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ამასთან ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

„ჩვენ საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის შეთავაზებით გამოვედით. ეს მხარს დაუჭერს ლოჯისტიკას, კიბერთავდაცვას, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ ამ ზომებს ივნისში წარვადგენთ და მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება“, – განაცხადა ვალდის დომბროვსკის​მა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

ევროპარლამენტში პლენარულ სხდომას რადას სპიკერმა მიმართა, რუსლან სტეფანჩუკი სტრასბურგში ჩავიდა იმისთვის, რომ ევროპარლამენტარებს მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ასევე მოიპოვოს მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. მანამდე მას ერთობლივი ბრიფინგი ჰქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ტრიოს ქვეყნების ევროპერსპექტივაზე, რობერტა მეცოლამ განაცხადა რომ

“ევროპარლამენტი თავის პოზიციაში მკაფიოა. ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავის სახლად აღიქვამენ, ევროკავშირმა კარი არ უნდა დახუროს. ეს ეხება ყველა სახელმწიფოს, რომელსაც სურს, რომ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.

ევროპარლამენტის უდავო პოზიციაა, რომ უკრაინისთვის, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, კარი ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესისადმი მხარდაჭერს. ამ თვეში, მოგვიანებით, ევროპული საბჭოს სხდომაზე წავიღებ ევროპარლამენტის ურყევ გზავნილს. გაფართოების პროცესები ყოველთვის რთულია, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია და მე ვახსენე სიტყვა “იმედი”, სწორედ ეს არის.

უკრაინელები ომობენ ჩვენს ომს, არის თუ არა ახლა დრო, რომ მათ ზურგი ვაქციოთ? არის თუ არა ახლა დრო, დავუხუროთ მათ კარი? როდესაც ქვეყანას ენიჭება კანდიდატის სტატუსი, არის უამრავი რამ, რისგანაც ამ ქვეყანამ შეიძლება, სარგებელი მიიღოს – უფრო ღრმა ინტეგრაცია, მომზადება, აღდგენა, პროგრამები, სხვადასხვა სტრუქტურაში გაწევრიანება. ეს პერიოდი არის გადამწყვეტი და უნდა გახდეს ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მალე, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც აჩვენა თავისი მზადყოფნა, გადადგას ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად,” – განაცხადა მეცოლამ.

უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სთხოვს, 24 ივნისს უკრაინელებმა მათგან “ძლიერი “დიახ”” მოისმინონ.

“სიტუაცია უკრაინაში რთულია. მე ვმუშაობ სხვადასხვა სახელმწიფოსთან, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ უკრაინა ღირსია მიიღოს კანდიდატის სტატუსი . მეგობარი მხოლოდ მხარამჭერი სიტყვებით არ ფასდება, არამედ საქმითაც. სწორედ ამიტო,მ უკრაიანა მადლიერია.

ჩვენი მოსახლეობის 91 პროცენტს ევროკავშირში შესვლა სურს. ეს ნამდვილად უპრეცენდენტოა. უკრაინელები ყოველდღე სიცოცხლეს კარგავენ. ისინი იბრძვიან პრინციპებისა და ღირებულებებისთვის. ყველა წევრ სახელმწიფოს ვთხოვ, რომ 24 ივნისს უკრაინამ თქვენგან ძლიერი “დიახ “” მოისმინოს. გთხოვთ, ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის.

ევროპარლამენტი ერთიანი ევროპის ძლიერი ხმა იყო ყოველთვის. უკრაინა თავის მომავალს ევროპაში ხედავს. უკრაინა ერთგული და სანდო პარტნიორი იქნება ევროკავშირისთვის. როცა უკრაინა კანდიდატის სტატუს მიიღებს, ეს შემდგომში ჩვენი ევროკავშირში წევრობისთვის გზამკვლევი იქნება,” – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button