რეგიონი

წალენჯიხის მერმა სოფელ ლიის რწმუნებული და მისი თანაშემწე სამსახურიდან გაათავისუფლა

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, სოფელ ლიის რწმუნებული თამთა ფიფია და მისი თანაშემწე სამსახურიდან გაათავისუფლა.

ფიფიას განცხადებით, ფრიად საკვირველია “დემოკრატიულ” წალენჯიხაში, რწმუნებულის პოსტს სთავაზობდე მოძალადე, მჩაგვრელ ადამიანს.

თამთა ფიფიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ,რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

“ზოგადად, პირად თემებზე პოსტების წერა არ მჩვევია
ახლა კი, სათქმელი(დასაწერი) დაგროვდა… პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა მადლობა ლიის თემის მოსახლეობას და მადლობა უფალს ამ დიდი გამოცდილებისთვის! გია ხარჩილავა / Gia Kharchilava, მადლობა, რომ ნდობა გამომიცხადეთ წლინახევრისაა წინ და მომეცით საშუალება მემუშავა ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. თუმცა, მოხდა ისე , რომ დღეის მდგომარეობით აღარ ვიკავებ რწმუნებულის პოზიციას. მიმდინარე წლის 1 ივნისს, მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით , აღარ გამიგრძელეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ჩემს ასისტენტს კი, 1 ივნისის საღამოს 8 საათზე აცნობეს რომ კონტრაქტს არ უგრძელებდნენ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზების გარეშე. აი ესე , უბრალოდ, უმიზეზოდ, ვიღაცის “ხუშტურის” გამო თურმე შეიძლება ადამიანი უსამსახუროდ დატოვო თან გაფრთხილებაც კი დაგავიწყდეს მეორე დღის საღამოს 8 საათამდე. რთულია, იმ მიზეზებზე საუბარი , რის გამოც აღმოვჩნდით მე და ჩემი თანამშრომელი ამ სიტუაციაში. წესით , “დემოკრატიულ” წალენჯიხაში არ უნდა ათავისუფლებდნენ ადამიანებს პარტიული ნიშნით, თუ საქმეს და სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად, სუფთად ასრულებს. მიჩნდება კითხვა, შიდა პარტიულ არჩევნებში თუ არ ვიმუშავე რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, ესაა ჩემი დანაშაული? თუ ჩემი , როგორც რწმუნებულის მხრიდან ნეიტრალური, და ასევე პიროვნული (ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე ) პოზიცია რომ დავიცავი, ამის გამო ? ვთვლი, რომ როგორც ახალგაზრდა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა სწორი და ჯანსაღი პოზიცია დავაფიქსირე.

ბოლოს და ბოლოს, მეგობრებო, როდის უნდა დასრულდეს საქართველოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის? როდის დადგება ის დრო, როცა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნება-სურვილს პატივისცემით მოვეპყრობით და არ ვაიძულებთ ამა თუ იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? როდის უნდა დასრულდეს სოფლის რწმუნებულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისთვის პარტიული კოორდინატორების ფუნქციის დაკისრება?

განა ესე რთულია, რომ საჯარო სამსახური პარტიის შტაბად არ გავხადოთ? მეგობრებო, თუ დემოკრატიაზე და დემოკრატიულ პროცესებზე გვაქვს ამბიცია , მინიმუმ, პირველ რიგში, ადამიანების თავისუფალი არჩევანის პატივისცემა ვისწავლოთ…

დიახაც, მსგავსი ფაქტების გამო, ვგმობდი(თ) და ვეწინააღმდეგებოდი(თ) წალენჯიხის “წასულ” ხელისუფლებას. როგორც, ოპოზიციური პარტიის რიგითმა ამომრჩეველმა, ხმა მივეცი -ცვლილებებს ! ცვლილებებს, რომელიც მოიტანდა ადამიანების თავისუფალი არჩევანისა და ნების პატივისცემას, საჯარო სამსახურების პოლიტიკური და პარტიული გავლენებისგან განთავისუფლებას… ამასთანავე, ფრიად საკვირველია “დემოკრატიულ ” წალენჯიხაში , რწმუნებულის პოსტს სთავაზობდე მოძალადე, მჩაგვრელ ადამიანს . ადამიანს, რომელსაც შეუძლია კოლეგა მანდილოსნებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს და მეტიც, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქროს . ნეტა, არ გვყოფნის საქართველოში ქალებზე ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევები? ასეთი მოძალადეების დაწინაურებით, და თუნდაც საჯარო სამსახურში დატოვებით, არ თვლით რომ ირიბად შემდგომში დანაშაულის წამქეზებელი გამოდიხართ ? თან უფრო საკვირველია, დაზარალებული მოიშორო, ხოლო მჩაგვრელი დაიტოვო სოფლისა და ხალხის სამსახურში. იმედი მაქვს, ოდესმე გავიზრდებით .
წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვინც გულწრფელად, კეთილსინდისიერად და პატიოსნად ემსახურებით საქართველოს, თქვენს რაიონს, თქვენს სოფელს და ხალხს’,-ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივლისიდან ასევე თანამდებობას დატოვებს ჯვარის რწმუნებული ირაკლი ხარჩილავაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button