ცესკო ფინანსთა სამინისტროს 4 მლნ 700.000 ლარს სთხოვს
არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩასატარებლად ცესკო ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს.
ცესკოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მეორე ტურებისთვის, ასევე განმეორებითი კენჭისყრისთვის საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. საუბარია დაახლოებით 6 მილიონ ლარზე“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემაც.
მისი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების დაზუსტებული ბიუჯეტი 38 მილიონ ლარს შეადგენს. საფინანსო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, თუ რა რაოდენობის არის პირველი ტურის ხარჯი, ვინაიდან კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება დასრულებული არ არის.
„რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ცესკოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ასევე მერის, გამგებლის არჩევნების მეორე ტურის ბიუჯეტი – ხარჯთაღრიცხვის ჯამური ოდენობა მეორე ტურისთვის 6 მილიონ ლარს შეადგენს. ცესკოს სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამულ კოდებზე არსაბული ეკონომიები ჯამურად დაახლოებით 1 300000 ლარია, ხოლო სხვაობა 4 მილიონ 700 000 ლარი მოთხოვნილი იქნება ფინანსთა სამინისტროსთვის“, – განმარტა ოთარ ბუსკივაძემ.