წინანდლის ტყეში “არარეგისტრირებული იარაღი” იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტყეში, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი იარაღი იპოვეს.
იარაღი, რომლის სახეობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით 200 მეტრშია ნაპოვნი.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ეს სწორედ ის იარაღია, რომლითაც 27 წლის ნიკა კენჭოშვილი მოკლეს.
ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ იარაღი, დიდი ალბათობით, რეგისტრირებული არ არის და მკვლელობის შემდეგ გადამალეს.
დღემდე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული იყო, მხოლოდ ორი, ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი “სტეჩკინის” ტიპის პისტოლეტი, რომლიდანაც ვასილ ციცხალაშვილმა კენჭოშვილს ესროლა და ეგრეთწოდებული საიგა, რომლიდანაც ნიკა კენჭოშვილი ისროდა.
კენჭოშვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალი უკვე წაუყენეს, ოლიმპიურ ჩემპიონსა და ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, ჯაბა ჯანგირაშვილს.
ბრალდებული ჩემპიონის ადვოკატები თვლიან, რომ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და მას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საერთოდ არ უნდა დაეკისროს. ამავე პოზიციაზეა, თავად ზვიადაური.
ბრალდებულისათვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, თელავის რაიონული სასამართლო ხვალ განიხილავს.
ადვოკატები განმარტავენ, რომ შესაძლოა ზვიადაურს თავდებში ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური თავდებში დაუდგეს.
პროკურატურა ზვიადაურის პატიმრობას ითხოვს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ დეპუტატს, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სისხლიანი გარჩევა, სოფელ წინანდალში 16 აგვისტოს მოხდა. გარდაცვლილია სამი და დაჭრილია ორი პირი. გარდაცვლილებს შორისაა, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
ზვიადაურს განზრახ მკვლელობისთვის 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება