კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარბაქაძე დუმილის უფლებას იყენებს

ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარბაქაძე იგივე პაწუა, დუმილის უფლებას იყენებს.

38 წლის მამაკაცს ბრალი ცოტა ხნის წინ, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, საზოგადოებრივი ადვოკატის თანდასწრებით წარუდგინეს.

ირინა იჩუკაიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, საქმის დეტალებსა და საკუთარ პოზიციაზე, ჯერჯერობით არ საუბრობს.

” ბრალდება საუბრობს ოჯახურ ძალადობაზე, რასაც თან მოჰყვა მკვლელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჯერჯერობით, პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებს და დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის ტაქტიკა ჩამოყალიბდება, მას შემდეგ, რაც მას პოზიცია ექნება”- განაცხადა რადიო ჰერეთთან იჩუკაიძემ.

ირინა იჩუკაიძე, საზოგადოებრივი ადვოკატი

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, დღესვე შედგება თუ არა, სასამართლო სხდომა, რომელმაც ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა განიხილოს.

შეგახსენებთ, მკვლელობა 15 იანვარს, ლაგოდეხში მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, 38 წლის გიორგი ბარბქაძემ, ყოფილი მეუღლე, ნონა ჭაბაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, გაზით გარდაცვალების ინსცენირებისათვის კი, ბინაში, ანთებული გაზქურა დატოვა.

ქალის ცხედარი, ნაქირავებ ბინაში, სადაც ის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ცხოვრობდა, ძმამ იპოვა.

შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებისას და გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენის შემდეგ, სამართალდამცავებმა, ნონა ჭაბაშვილის ყოფილი მეუღლე დააპატიმრეს.

გარდაცვლილი ქალის მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რაც წარსულში მეუღლესთან დაშორების მიზეზიც გახდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11’109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულ ბარბაქაძეს, 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში:

გიორგი ბარბაქაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი – VIDEO

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button