ცოცხალი ჯაჭვის აქცია დასრულდა

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე (ყოფილი ვარდების მოედანი) ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს მოქალაქეებმა, რითიც აღნიშნეს „ვარდების რევოლუციის” 18 წლისთავი.
სამოქალაქო აქტივისტები, უფლებადამცველები მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები-ცოცხალმა ჯაჭვმა, რომელიც ვარდების რევოლუციის მე-18-ე წლისთავს მიეძღვნა, დღეს ქუჩაში ათასობით ადამიანი გააერთიანა.
აქცია-პერფორმანსის დროს საავტომობილო მოძრაობა არ შეწყვეტილა.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ვარდების რევოლუციის 18 წლის თავს აღნიშნავდნენ და ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
მათი ნაწილი 17:00 საათზე ვარდების მოედანთან, ნაწილი კი თავისუფლების მოედანთან შეიკრიბა და მსვლელობა გამართა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია დასრულდა. თუმცა აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან საუბრობე იმის შესახებ რომ “ვარდების რევოლუციის” მთავარი შემოქმედი დღეს ციხეშია და მის განთავისუფლებას მოითხოვენ.
ეს არის დღე და თარიღი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალა და სახელმწიფოს განვითარების ახალი ათვლა დაიწყო – ამბობდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ დღეს მიხეილ სააკაშვილის, ქვეყანაში მომხდარი დემოკრატიული გარდაქმნების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
“ვარდების რევოლუცია ხალხმა მოახდინა მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და დღეს რომ ის ციხეშია, არამარტო ქვეყნის სირცხვილია, ანომალიაა და ეს ანომალია დიდხანს არ გაგრძელდება” – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელიც ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთნ დაკავშირებით გამართულ ცოცხალ ჯაჭვს, რუსთაველის გამზირზე შეუერთდა.
მისი თქმით, დასავლურ ცივილიზაციაში არის ჩვენი ადგილი და ჩვენ სწორედ დასავლეთისკენ მივდივართ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
მისი თქმით, ცვლილებები ერთადერთი გამოსავალია.
“ჩვენს ქვეყანას უნდა დაუბრუნდეს ხელისუფლება, მიტაცებული სახელმწიფო უნდა გამოვიხსნათ, ყველამ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, თავისუფლება რთულად მოსაპოვებელია და მუდმივი ბრძოლა სჭირდება“, – ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდა.
მისი თქმით, რთულია, როდესაც ვარდების რევოლუციის მთავარი შემოქმედი, რომელსაც კარგად ესმოდა და გრძნობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო პროგრესი და ცვლილებები, დღეს საპყრობილეშია.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
ვარდების რევოლუცია 18 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო, რაც 23 ნოემბერს მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომით და ხელახალ არჩევნებით დასრულდა.