უკრაინა ომის დასრულებისთანავე უნდა იქნეს მიღებული ნატოს შემადგენლობაში

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ომის დასრულებისთანავე უნდა იქნეს მიღებული ნატოს შემადგენლობაში.
მისი თქმით, ქვეყანა ალიანსის წევრობისთვის მზად იქნება როგორც მორალური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
„უკრაინის არმია ალბათ ევროპაში ყველაზე გამოცდილი არმია იქნება. უკრაინამ დაიმსახურა, იყოს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ნაწილი,“ თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ თავის პირველ ინტერვიუში პაველმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრებს არავითარი ტაბუ არ უნდა ჰქონდეთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში, მათ შორის არც F-16 გამანადგურებლებთან დაკავშირებით, რომლებსაც კიევი ითხოვს.
ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეუძლებლად არ მიიჩნევს უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას.
პეტრ პაველმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნუ გააჭიანურებენ ამ საკითხის გადაწყვეტას, როგორც ეს ადრე ტანკების შემთხვევაში მოხდა, ვინაიდან დროის ფაქტორი ახლა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.
პაველმა არ გამორიცხა კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარება, მაგრამ, მისი სიტყვებით, ასეთი მოგვარების გასაღები ხელთ უპყრია რუსეთს, რომელსაც არაფერი ეტყობა, რომ დაინტერესებულია სამშვიდობო შეთანხმებაში.
“ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება აღმოუჩინა”, – თქვა პაველმა.
ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც კიევში ტანკები და საბრძოლო მანქანები გაგზავნა.
“უკრაინელი სამხედროები, დიდი ალბათობით, ევროპაში ყველაზე გამოცდილი სამხედროები იქნებიან. უკრაინა იმსახურებს, რომ დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი იყოს”, – თქვა პაველმა და კითხვაზე საუბარია თუ არა NATO-ზეც, მან უპასუხა:
“მიმაჩნია, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას”.
„ჩვენ უკრაინის დახმარების გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. თუ უკრაინას ჩვენი მხარდაჭერის გარეშე დავტოვებთ, ის, სავარაუდოდ, წააგებს ამ ომს და თუ ისინი წააგებენ, ყველანი წავაგებთ“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, დასავლეთმა უნდა დაუჭიროს მხარი სამშვიდობო მოლაპარაკებას, ამის მცირედი შანსიც თუ გაჩნდება, თუმცა რუსეთის მხრიდან ამის ნიშნები ამ ეტაპზე არ ჩანს.