მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა-რუსეთის ომს 5237 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, 24 თებერვლის შემდეგ, ქვეყანაში 5237 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 348 ბავშვი. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აცხადებს.

ორგანიზაციის ცნობით,

დაღუპულთა შორის არის 2019 კაცია

1379 – ქალი

143 გოგონა

164 – ბიჭი

41 ბავშვი

1491 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.

ომის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 7035-ია,

მათ შორის 1384 კაცი

1017 ქალი

150 გოგონა

215 ბიჭი

195 ბავშვი

4074 ზრდასრულია, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.

მსხვერპლის უმეტესობა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებშია, სადაც 3089 დაიღუპა და 3760 დაიჭრა.

ადამიანების სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი შორ მანძილზე მოქმედი ასაფეთქებელი იარაღი, მათ შორის, მძიმე არტილერია და ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებით გატყორცნილი რაკეტები, ასევე თვითმფრინავებიდან დაშენილი ცეცხლია.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მიიჩნევს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ინტენსიური ბრძოლების ადგილებიდან ინფორმაცია გვიან მოდის და ბევრი ცნობა საჭიროებს დადასტურებას.

გარდა ამისა რუსმა ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის დასახლებული პუნქტები დაბომბეს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. მისივე განცხადებით დონეცკის მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბახმუტი რუსული ძალების მთავარი სამიზნეა.

“დონეცკის რეგიონში არ არის არც ერთი დასახლება, რომელიც არ დაბომბეს. მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა. მტერი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს,” – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, თავდასხმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრასნოგოროვკაში, სოლედარში და მარიინკაში მოხდა.

დონეცკის რეგიონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 642 ადამიანი დაიღუპა, 1 668 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები არ მოიცავს მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულებსა და დაჭრილებს.

ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ორი მთავარი სამხედრო მფრინავი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მათ ავტოკოლონაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ცნობას დასავლური მედია ავრცელებს.

დაღუპულები არიან 41 წლის ვიცე-პოლკოვნიკი მაქსიმ პოტიომინი და 54 წლის პოლკოვნიკი ანატოლი სტასიუკევიჩი. შემთხვევა დონეცკის რეგიონში მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული მაღალი სიზუსტის რაკეტა HIMARS-ით იერიში ავტოკოლონაზე მიიტანეს.

მედიის ცნობით, თავდასხმა დასავლური დაზვერვის დახმარებით განხორციელდა. მათივე ცნობით, ორივე სამხედრო მფრინავი 8 ივლისს დაიღუპა, თუმცა მათი გარდაცვალების შესახებ ცნობები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. უკვე რამდენიმე კვირაა, ძირითადმა საბრძოლო მოქმედებებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button