უკრაინის არმიის ნაწილმა სოლედარი დატოვა

უკრაინის აღმოსავლეთ ძალების ჯგუფის სპიკერის სერგეი ჩერევატის ინფორმაციით უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადაინაცვლეს: მისი სიტყვებით, ეს გაკეთდა „პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად“.
„პერსონალის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავდაცვის ძალები გავიდნენ სოლედარიდან, გამაგრდნენ მომზადებულ თავდაცვით ხაზებზე. მათ შეასრულეს დავალება: არ მისცეს მტერს გაერღვიათ ფრონტის ხაზის დონეცკის მიმართულება” ამბობს ჩერევატი.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით რუსული ძალები ამოწურა.
ჩერევატიმ AFP-სთან მიცემულ ინტერვიუში არ გაამხილა,თუ როდის გამოვიდნენ უკრაინული ჯარები სოლედარიდან, მაგრამ თქვა, რომ მანევრი წინასწარ იყო დაგეგმილი.
ჩერევატიმ განაცხადა, რომ სოლედარის ბრძოლების დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჯარებს მიაყენეს ზარალი, რომლის შედარება შეიძლება რუსეთის დანაკარგებთან ჩეჩნეთის ორ ომში. მისი თქმით, ქალაქში ფრონტის ხაზი გასწორებულ იქნა, არ ყოფილა ალყა ან უკრაინელ სამხედროთა ტყვედ აყვანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, ჯარები ამოცანას ასრულებდნენ და მტერს არ მისცეს ამ მიმართულებაზე ფრონტის გარღვევის შესაძლებლობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლედარის აღების შესახებ 13 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია. მაშინ უწყება აცხადებდა, რომ ქალაქი აიღეს ჯარების შერეული დაჯგუფებით, მათ შორის იყვნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მაშინ ამბობდნენ, რომ ქალაქის აღების შესახებ ცნობები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და ბრძოლები გრძელდებოდა. ამასთან, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, ჯერ კიდევ 11 იანვარს თქვა, რომ სოლედარი მთლიანად დაიკავეს მისი ქვედანაყოფის მეომრებმა.
ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ სოლედარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
რუსეთის განცხადებამდე სოლედართან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აკონტროლებს სოლედარს, თუ მთლიანად არა, უმეტეს ნაწილს მაინც, თუმცა ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ეს არ გამოიწვევს ოკუპანტების მხრიდან, ბახმუტის გარდაუვალად ალყაში მოქცევას.