მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს პროექტი, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობას ეხება

უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე ელენა შულიაკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
როგორც ის ავრცელებს ინფორმაციას, დადგენილებით ისინი საქართველოს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, PACE-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მიმართავენ.

“პარლამენტში დარეგისტრირებულია დადგენილება 8417-ის პროექტი უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსადმი, ევროპარლამენტისადმი, ევროპული საბჭოსადმი, ევროკომისიისადმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისადმი მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიმართვის შესახებ”, – წერს შულიაკი.

აღნიშნულ დოკუმენტს უმაღლესი რადას 90-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

შულიაკმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის წევრი საქართველოც არის, თავის 2022 წელს მიღებულ რეზოლუციაში 2463 მოუწოდა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ და გათავისუფლებისკენ, რომლებიც რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან, მათ შორის სააკაშვილის.

“ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი და ახლანდელი უკრაინის მოქალაქე ამ მომენტისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის”, – აღნიშნა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button