მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უფასო გრიპის ვაქცინა ყველა მოქალაქეს

22 ნოემბრიდან სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უფასო იქნება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარე წელს სახელმწიფომ ფრანგული, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 ათასი დოზა შეიძინა.

“პირველ რიგში ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალეზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება ბრძანება, რომ ყველას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა. სასურველია, დეკემბრის თხუთმეტამდე ყველა ავიცრათ. ჯერ არის გრიპის მსგავსი ვირუსები, გრიპის ვირუსი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება და ამიტომ ჯობია, ყველა მომზადებული ვიყოთ და ყველა აიცრას”- განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის გარდა, გრიპზე აცრა მოქალაქეებს კერძო შემომტანებთანაც შეუძლიათ, რომლებიც უმთავრესად ფარმაცევტული კომპანიები არიან.
აცრის ღირებულება, კერძო სექტორში, 70- დან 90 ლარამდე მერყეობს.

დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფო სექტორის მიერ, 90 ათასი ადამიანია აცრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 110 ათასი დოზა ვაქცინა ჯერ კიდევ გაუხმარებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button