ვაიმეეეეეე….ბატონო ბიძინააააააა – ლია კამლაძის ბლოგი
აუტანელი სიცხეა…ხალხი ჩრდილს დაეძებს.თბილისი დიდ რეჟისორს, გიგა ლორთქიფანიძეს ემშვიდობება.
მარჯანიშვილის თეატრის წინ, ტროტუარზე, ხეების ქვეშ ჯგუფ-ჯგუფად დგანან.
ბაყონი გიგას ქალიშვილი, მაია ჩემი თანამშრომელი იყო, ამიტომ ვალდებულად ჩავთვალე თავი დაკრძალვაზე მივსულიყავი.
მე და ჩემმა დეიდაშვილმა ოჯახს სამძიმარი ვუთხარით და გარეთ, გამოსვენებას ველოდებით, თან ხალხს ვათვალიერებთ…ბევრი ნაცნობი სახეა…გვერდით ჩაგვიქროლა ლევან ვასაძემ…სიმპათიური მამაკაცია, ცოტა ,,კრივანოშკა” ფეხებით, ძვირფას ევროპულ პიჯაკში.(ოდნავ უფრო მაღალი რომ იყოს, კარგი იქნება,-გავიფიქრე)
ისე სწრაფად გაქრა, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი (რამდენჯერმე ვცადე მასთან ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ უშედეგოდ. ახლა, დაკრძალვაზე, ძალიან მეუხერხულა…თუმცა, როგორც ვთქვი, მოფიქრებაც ვერ მოვასწარი)
უცებ ჩოჩქოლი ატყდა: პრემიერი, პრემიერი…რა ვქნა ახლა? ძალიან მინდა დანახვა…ფეხის წვერებზე აწევამ არ მიშველა,- ვერავინ და ვერაფერი დავინახე…
ცოტა ხანში მიცვალებული გამოასვენეს და ჩვენც დავიძარით. სიცხის გამო ხალხი ქუჩის ნაპირას, გადახურულ მხარეს ცდილობდა სიარულს.
მე და ნანა ვსაუბრობთ და ნელა მივდივართ. ამ დროს მხარზე ვიღაცის ხელი მორიდებით მეხება და ყურში მამაკაცის ჩურჩული მესმის:
,,იქნებ ცოტა გვერდზე გაიწიოთ”…გაკვირვებული და გაბრაზებული შემოვბრუნდი და ის იყო ხმისთვის უნდა ამეწია, მაღალი, უსიმპათიურესი კაცი დავინახე, რომელიც ისე თბილად მიღიმოდა, ვერაფრით რომ ვერ გაუბრაზდებოდი…ეს კარგი, მაგრამ ახლა ამ კაცის გვერდით დავიხედე და….თვით პრემიერ-მინისტრი დგას..
ყველაფერი წამებში ხდება,ფიქრის არც დრო მაქვს და არც სურვილი (ისედაც ემოციებს ყოველთვის ღიად გამოვხატავ)…ვაიმეეეეეე….ბატონო ბიძინააააააა…..( ამ კივილით გაგრძელებულ ააააა-ში არის ყველაფერი: გაკვირვება, სიხარული, აღტაცება, მადლიერება, სიყვარული….მოკლედ ყველაფერი და…პრემიერი კი არის, მაგრამ იგრძნო….
გაიღიმა და ხელი გამომიწოდა (პროცესია ამ დროს შეჩერებულია)…რა თქმა უნდა ჩამოვართვი და როგორ ბრძანდებით-მეთქი,-ვეკითხები…
კარგად, კარგად, თქვენ როგორ ხართო და ახლა მისი დახვეწილი და სიმპათიური მეუღლე მიწვდის ხელს…საერთო დაბნეულობაა, გაგრძელება არავინ იცის..
ყველა უხერხულად იღიმება და…სიტუაცია სოზარ სუბარმა განმუხტა, რომელიც დამეტაკა და გულში ჩამიხუტა…
პრემიერმა ხელი დამიქნია და სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, მან და მისმა თანმხლებმა პირებმა გზა გააგრძელეს…
ეს იყო სპონტანური, ძალიან თბილი შეხვედრა…მერე, მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ბიძინამ ახსენა გოგონა, რომელმაც ქუჩაში მის მიმართ სიყვარული ,,მთელი არსებით გამოხატა”.