მნიშვნელოვანისიახლეები

ვაკის პარკიდან მზიურის პარკის მიმართულებით “აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა იმართება

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც “ვაკის პარკში” იყვნენ შეკრებილები, ამ წუთებში, ჭავჭავაძის გამზირის გავლით “მზიურის პარკისკენ” მსვლელობას მართავენ. აქტივისტებს გაშლილი აქვთ დიდი ბანერი წარწერით “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”.
აქციის მონაწილეებს გზის მხოლოდ ნაწილი აქვთ დაკავებული, შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი არ არის.

ისინი აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს და სკანდირებენ: “კანონი გაიწვიეთ”, “საქართველო”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, სადაც “ქართული ოცნება” შეკრებას მართავს.

ამასთან, სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, ხვალ, პლენარული სხდომის პარალელურად შეიკრიბებიან პარლამენტთან იმისთვის, რომ “პლენარულმა სხდომამ უხმაუროდ არ ჩაიაროს”.
დემონსტრანტები საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარალელურად, პარლამენტის წინ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების “საერთო სახალხო შეკრება” იმართება.

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, ეს არ არის ვინმეს ალტერნატიული აქცია, ეს არის პროტესტი, რომელიც გრძელდება.
აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი, რადგან “საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”.
აქციას ადგილობრივი შემსრულებლები კონცერტით უერთდებიან.

არა რუსულ კანონს! – “ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია, თბილისში მიმდინარე კონტრაქციის პარალელურად, მიმდინარეობს ბათუმშიც.
მოქალაქეები ერას მოედანზე იკრიბებიან, სადაც მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ მათ სურთ ევროპა და არა რუსეთი, საითაც მმართველი პარტია მიიწევს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს რუსული კანონი და გაიწვიოს ის.

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ზუგდიდში რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს.
თავდაპირველად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც, საჯარო მოხელეების უმეტესობა ხელისუფლებამ თბილისში, კონტრაქციაზე წამოიყვანა.
ისინი მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს, არ შეუერთდნენ რუსულ მარშს და საკუთარი შვილების მომავალი დაიცვან.

22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით, “ქართული ოცნება” კონტრაქციის გამართვას გეგმავდა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მედიაში ვრცელდება კადრები ღონისძიებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეების შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button