ვანდალიზმი დიდგორის მემორიალზე
“საყდრისის კომიტეტი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გვინდა გამოვეხმაუროთ შაბათს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის მიერ 5 ივნისს დიდგორის მემორიალზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს მანქანებით “დრიფტაობის” კვალი.
“გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გზის მიმანიშნებელი ბრინჯაოს არწივებიდან ორი გამქრალია.
“საყდრისის კომიტეტი” აღშფოთებას გამოთქვამს ვანდალური ქმედების გამო, მემორიალზე, რომელიც საქართველოში მტერზე გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს და მოუწოდებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, დროულად აღკვეთონ მსგავსი ქმედებები დიდგორის მემორიალზე.
“საყდრისის კიმიტეტის “წევრები უახლოეს ხანში, სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, დიდგორში ჩასვლას გეგმავენ.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანაშვილმა სოციალურ ქსელში დიდგორის მემორიალზე გადაღებული ფოტოები და ინფორმაცია გამოაქვეყნა:
„დიდგორის მემორიალის ნაჭრილობევი. ქართველთა „ვაჟკაცობის“ კვალი. ადრეც შეიმჩნეოდა ასეთი უმსგავსობა. ორიოდე წლის წინ, გზის ახალი საფარის დაგების დროს, სანიაღვრე თხრილი გაიჭრა და ავტომანქანით გადასვლა შეუძლებელი იყო, წელს ვიღაცეებმა ის ამოავსეს და მემორიალი ავტოდრომად აქციეს“.