მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიეში რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

ყოველდღე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში, უკრაინა კარგავს დაახლოებით 50 ჯარისკაცს

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევსა და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა, მათგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს
„ზაპოროჟიეზე მტრის თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, არის მსხვერპლი. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, – განაცხადა ანატოლი კურტევმა.
ხანძარი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსზე დაბომბვის შედეგად გაჩნდა, უკვე ლიკვიდირებულია.

მოგვიანებით, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 ადამიანი.

გადა ამისა ყოველდღე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში, უკრაინა კარგავს დაახლოებით 50 ჯარისკაცს, შეტევით და თავდაცვით საბრძოლო მოქმედებებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ეს არის მიახლოებითი და არა ზუსტი მონაცემები. “ეს არის ჩვენი სამხედროების პოზიცია, რომ არ დავასახელოთ ზუსტი ციფრები… რადგან საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს. მაგრამ ჩვენ ვკარგავთ 4-ჯერ 5-ჯერ ნაკლებ ხალხს, ვიდრე რუსეთი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ISLND TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში 9 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უწყებას უფრო ზუსტი რიცხვის დასახელება არ შეუძლია იმის გამო, რომ ზოგ რეგიონში, მაგალითად, მარიუპოლში დაღუპული სამხედროების რაოდენობის დათვლა ვერ ხერხდება.

მისი განმარტებით, მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.

21 სექტემბერს რუსეთმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველად გამოაცხადა დანაკარგების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომში. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში რუსეთის არმიამ მოკლულის სახით 5,937 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
პენტაგონის ინფორმაციით, 9 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 70-80 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაშავდა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსული არმიის დანაკარგებმა 25 ათას ადამიანს მიაღწია.

საბრძოლო პირობებში დანაკარგების შესახებ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button