“ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი”საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებით შეშფოთებულია
5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი”, რომელიც მთავრობას მოუწოდებს სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა. ორგანიზაციის ევროკავშირის წარმომადგენელი, ტომ გიბსონი “ამერიკის ხმასთან” აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაცია მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
“ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი ღრმადაა შეშფოთებული ამ თავდასხმებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ბოლომდე გამოიძიოს მომხდარი და ამასთან, მიიღოს ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება დემონსტრაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში თავისუფალი პრესის მხარდაჭერისთვის მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს და დაგვანახოს, რომ სწრაფად გამოიძიებს იმას, თუ რა მოხდა და დამნაშავეებს პასუხს აგებინებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ზოგადი ტენდენციით, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმები მატულობს.
ერთი, რასაც მთავრობას მოვუწოდებთ არის ის, რომ გააგზავნოს ძლიერი პოლიტიკური მესიჯი, რომლითაც მთავრობა ამ ძალადობას დაგმობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიბსონმა.
გიბსონის თქმით, საქართველოში და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მთავრობა არ იღებს ყველა საჭირო ზომას პრესის თავისუფლების დასაცავად და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.