მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდის საკრებულომ ხალხს დაუკარგა სოფლის პროგრამებისთვის გათვლილი 1 მილიონამდე ლარი – „ქართული ოცნება“

ზუგდიდის საკრებულომ ხალხს დაუკარგა სოფლის პროგრამებისთვის გათვლილი 1 მილიონამდე ლარი – „ქართული ოცნება“
“ქართული ოცნების” სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის განცხადებით, მუნიციპალიტეტი კარგავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

მიზეზი კი როგორც პარტიაში ირწმუნებიან, ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს დაუდევრობაა, რადგან კანონით გათვლილ ვადებში არ მიიღო საკითხი. თავის მხრივ განცხადებას აქვეყნებს საკრებულო და მომხდარს მერიის მხრიდან უყურადღებობით და კომპეტენციის ნაკლებობით ხსნის.

განცხადებაში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 15 მაისს გაავრცელა, ნათქვამია, რომ საუბარია 948 ათას ლარზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყო.
“როცა ვისმენდით, რომ თითქოს გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია ზუგდიდის საკრებულოში ხალხის საკეთილდღეოდ მოდიოდა ფარსი აღმოჩნდა. ამაზე ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, თუმცა ახლა ეს ფაქტებით დასტურდება. მაშინ, როცა მერიამ მიმართა საკრებულოს ვადების დაცვით, მიაწოდა სოფლის კრებებზე ხალხის მიერ დასმული პრობლემები და სთხოვა პროგრამის მხარდაჭერა – მათ ვერ მოახერხეს ელემენტარულად საკითხის გატანა და ხალხს დაუკარგეს 1 მილიონამდე ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა ჩვენს სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ გადაინაწილეს თანამდებობები, აიღეს პასუხისმგებლობა და ვხედავთ შედეგს. ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე და ამტკიცებს მათ დამოკიდებულებას საქმისადმი”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.
ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი განცხადების თანახმად კი, სოფლის მხარდაჭერის

პროგრამის საკითხი განხილული იყო 28 აპრილს და დამტკიცდა 6 მაისის მორიგ სხდომაზე.
მათი ცნობით, სამწუხაროდ, მერიას არც მომართვის წერილში და არც საკრებულოში განხილვის დროს არ გამოუხატავს პოზიცია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებდა დაჩქარებული წესით განხილვას.
“მეტიც, მათ ინფორმაციაც არ ჰქონდათ აღნიშნული საკითხის დამტკიცების ვადებზე, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მერიას შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს დაფინანსების შესაძლო დაკარგვაზე.
აღნიშნული სრულად განეკუთვნება მერიის კომპეტენციას და პასუხისმგებლობის სფეროს, შესაბამისად ეს კონკრეტული შემთხვევა მათი მხრიდან უყურადღებობით აიხსნება, კომპეტენციის ნაკლებობით თუ სხვა რაიმე გარემოებით, საზოგადოებას და ზუგდიდელებს ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან სჭირდებათ კონკრეტული განმარტებები.
მერიას ვურჩევდით, მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე მეტი ყურადღება გამოიჩინონ და ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია საკრებულოსთან.
საქართველოს მთავრობას კი გვინდა მოვუწოდოთ, შესაბამის დადგენილებაში შეიტანოს ცვლილება და მუნიციპალიტეტებს მისცეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა”, – განმარტავენ საკრებულოში, რასაც “ქართულ ოცნებაში” უპასუხისმგებლო განცხადება უწოდეს.

პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ზუგდიდის მერიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, პროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებები ჩაატარა, მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხები დაამუშავა და დასამტკიცებლად 14 აპრილს ზუგდიდის საკრებულოს გაუგზავნა.

თუმცა საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვა ვადების შესაბამისად არ მოუხდენია, არადა კანონით განსაზღვრული ვადა 1-ელ მაისს ეწურებოდა.
“ვადების შეხსენება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უნდა სჭირდებოდეს, მაშინ როცა ის მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობის დროს თავად კურირებსდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.
ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს არ ჰყოფნის გამბედაობა აღიაროს შეცდომა და აიღოს პასუხისმგებლობა. კანონის არცოდნა და დილეტანტობა არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობას და მის თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობისგან. მათი ვალდებულებაა ხელი შეუწყონ მუნიციპალური თუ სახელმწიფო სერვისებისა და პროექტების განხორციელებას – ჩვენ კი მივიღეთ, რომ საკრებულო ხელშეწყობის ნაცვლად ხელს უშლის მოქალაქეებს მიიღონ არსებული სერვისები და პროექტები”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე მიაჩნიათ, რომ რეალურად სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე პრობლემები შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, წალენჯიხა), სადაც საკრებულოს უმრავლესობას “გახარიას და ნაციონალების კოალიცია” ფლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button