საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო.
სებ-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.
„საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა“, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, მან საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია და გერმანიაში, ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის მატჩები 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება გერმანიაში. ევრო 2024-ის მატჩებს უმასპინძლებს ათი ქალაქი: ბერლინი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, კიოლნი, ლაიფციგი, მიუნხენი და შტუტგარტი.