მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

6 ქალაქში სწავლა გადაიდო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ექვს ქალაქში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება. თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება. რაც შეეხება ბათუმს, იქ სასწავლო პროცესი 1 ნოემბრამდე არ აღდგება.

გიორგი გახარია

“თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს ჩვენთვის საჭიროა უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენთვის შევაფასოთ ეს მიმდინარე რისკები დღევანდელი და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად ორი კვირა და ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს.” – თქვა გიორგი გახარიამ.

“ინფიცირებულთა ზრდასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.” – თქვა პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილი კლინიკური ჯგუფის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მისი მტკიცებით, “ეპიდემიოლოგები, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს”.

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მთავარი მიზანია სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქის სწრაფად დაბრუნება ცხოვრების ნორმალურ პირობებში. ის ამბობს, რომ ქვეყანამ გასული თვეები გამოიყენა.

“მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ახერხებდნენ დღეში 200 ტესტის გაკეთებას, დღეს 8 000 კეთდება უპრობლემოდ. უახლოეს პერიოდში გაიზრდება 10 000-მდე და თუ საჭირო გახდა, კიდევ გაზრდის პერსპექტივაც არსებობს.” – თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ 112-ის, კარანტინის, კორონავირუსის გამოვლენის და ჰოსპიტალის სისტემა “მუშაობს საათივით”.

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, ინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის, კოვიდ ცენტრებში მზად იყოს 3 000 საწოლ-ლოგინი.

“ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულების დისციპლინა. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა მნიშვნელოვანი.” – ამბობს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ის რეკორდული მაჩვენებელი – 87 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ამავე დროს, ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა 19.

მსგავსი პოსტები

Back to top button