fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მოსკოვში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების 60% სტატისტიკაში არ აისახება

132

მოსკოვის ჯანდაცვის უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქალაქში კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება.

განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა რეალური რიცხვის დამალვაში დაადანაშაულეს.

დედაქალაქის ჯანდაცვის უწყება განმარტავს, რომ შემთხვევების 60%-ში პაციენტის სიკვდილი სხვა დაავადებამ გამოიწვია და ამიტომ მათ კორონავირუსით გარდაცვლილებს არ მიაკუთვნებენ.

“გარდაცვალების შემთხვევების 60% აშკარად სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, როგორიცაა სისხლძარღვების დაავადებები, ლეიკემია, სისტემური დაავადებები, რომლებიც ორგანოების ფუნქციის მოშლას უკავშირდება და სხვა უკურნებელი დაავადებები”. – ნათქვამია განცხადებაში.

მხოლოდ აპრილის თვეში მოსკოვში კორონავირუსით გარდაცვალების 639 შემთხვევაა აღრიცხული. ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადების გათვალისწინებით კი, სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რიცხვი რეალურად, 1 500-ს აჭარბებს.

The Moscow Times-ის მიხედვით, 2020 წლის აპრილში მოსკოვში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გასული 10 წლის მანძილზე დაფიქსირებულ მსგავს მაჩვენებლებს 20%-ით აღემატება. ჯანდაცვის უწყების განცხადებაში კი, ნათქვამია, რომ მსგავსი მონაცემების შედარება მართებული არ არის.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსი სულ 252 245 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 9 974 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 2 305 ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 53 530.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი