მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“სანდო სასამართლოს გარეშე, ინვესტორები ფულს სხვაგან ჩადებენ”

“ჩვენ ვისურვებდით, რომ მეტ ამერიკულ კომპანიას განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოში და მეტ ქართულ კომპანიას, – ამერიკაში”. – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა.

ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობას.

„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების შესაქმნელად და თანხვედრაში მოსაყვანად. ვფიქრობ, რომ კორონავირუსული პანდემიის დროს, დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ტვირთმა იმოძრაოს და ამ მიმართულებით ფოთის პორტი სრული დატვირთვით მუშაობდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არსებობს მოთხოვნა, არსებობს შესაძლებლობა ამ რეგიონში და რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვანი როლი საქართველომ უნდა შეასრულოს, როგორც რეგიონულმა სატრანსპორტო ჰაბმა, რისკენაც, როგორც ვხედავ, საქართველო მიისწრაფვის, რომ შეასრულოს. ვისურვებდით, რომ ამერიკულ კომპანიებს თავისი წვლილი შეეტანათ ამის განხორციელებაში და ვიმედოვნებ, რომ ამერიკული კომპანიები ამ მიმართულებით იმუშავებენ“. – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთანავე, მან ინვესტორების მოზიდვის პროცესში, სამართლიანი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამის გარეშე ბიზნესმენები თავის ფულს უბრალოდ, სხვა ქვეყანაში ჩადებენ.

„ნებისმიერი უცხოური ინვესტორისა და ბიზნესმენის მოსაზიდად, ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ბიზნესმენებს სჭირდებათ იცოდნენ, რომ ისინი ინვესტიციას ახორციელებენ იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სანდო სასამართლო სისტემა, რომ მათი დავები გადაწყვეტილი იქნება სამართლიანად და დროულად. ამის გარეშე, ინვესტორები საკუთარ ფულს სადმე სხვაგან ჩადებენ. ასე რომ, ეს არის მიზეზი, რატომაც მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად, მრავალი წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის შესაქმნელად“. – განცხადა ელჩმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button