fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბრაზილიის მთავრობამ კორონავირუსის სტატისტიკა წაშალა

150

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ თავისი ვებ-გვერდიდან წაშალა მონაცემები, რომლებიც ქვეყნის შტატებსა და მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბს ასახავს. ხელმისაწვდომი აღარაა არც გარდაცვლილთა და არც ინფიცირების შემთხვევების სრული რაოდენობა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

ბრაზილია, ოფიციალური ცნობების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მე-2 ადგილზეა. worldometers.info-ს მიხედვით, ამ დროისთვის, დაფიქსირებულია 677 553 შემთხვევა, გარდაიცვალა 36 062 ადამიანი.

ქვეყნის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს თქმით, „მთლიანი მონაცემები არ ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. იდგმება სხვა ნაბიჯები, რათა გამოსწორდეს შემთხვევების შესახებ გაცემული ინფორმაცია და დიაგნოზების დადასტურება.” — დაწერა მან „ტვიტერში“.

ბრაზილიის ფედერალური მთავრობის ვებ-გვერდზე, სადაც აქამდე სრული სტატისტიკა ქვეყნებოდა, ახლა მხოლოდ ბოლო 24 საათის მონაცემებია ხელმისაწვდომი.

პრეზიდენტი ბოლსონარო კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, სკეპტიკურადაა განწყობილი: მას არაერთხელ განუცხადებია, რომ COVID-19-ის პრობლემა გაზვიადებულია. იგი აგრეთვე, მკაცრი პრევენციული ზომების მიღებისთვის, შტატების და მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ხელისუფლებებს აკრიტიკებდა და მხარდამჭერებთან ერთად, მრავალრიცხოვან შეხვედრებს მართავდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი