fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

97

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.

საქართველოში სულ კორონავირუსის 1 197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 294.

აშშ-ში კორონავირუსის 57 540 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 771 080-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 399 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 156 801-ს მიაღწია.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კალიფორნიის შტატშია დაფიქსირებული, სადაც დღემდე 526 685 შემთხვევაა დადასტურებული. შემდეგ მოდიან ფლორიდის, ტეხასის, ნიუ-იორკისა და ჯორჯიის შტატები.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

ბოლო 2 კვირის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 24 საათში, საშუალოდ, 5 900 ადამიანი იღუპება, რაც ყოველ ერთ საათში 247, ან ყოველ 15 წამში 1 ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა.

ფატალური შემთხვევების რაოდენობით, პირველ ადგილზე შეერთებული შტატები დგას. შემდეგ მოდის ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა.

Reuters-ი წერს, რომ აშშ და ლათინური ამერიკის ქვეყნები ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრებად იქცნენ. ბოლო პერიოდში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ბოლივიაში, სუდანში, ეთიოპიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, უზბეკეთსა და ისრაელში.

„ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.” – წერს Reuters-ი.

worldometers.info-ს თანახმად, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 18 710 432 შემთხვევაა დადასტურებული. ამათგან 704 462 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 927 138 გამოჯანმრთლედა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი