Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

147

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 225-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1 000-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7 068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 250.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი რუსი ტურისტია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ინფიცირებული ტურისტი სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან კრასნოდარის მხარეში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორნავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. „კოვიდ 19“-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 38 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კუბის მთავრობამ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო ჰავანაში კვლავ ლოქდაუნის რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ეს იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქში დაიხურება რესტორნები, ბარები, აუზები და პლაჟები. ასევე, შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. კუბის ჯანდაცვის მინისტრმა ხოსე ანხელმა შექმნილ სიტუაციას ეპიდემიის ახალი ტალღა უწოდა.

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 555 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 215 891-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 196 პაციენტი გარდაიცვალა, 197 400 კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 105 ადამიანს გამოუვლინდა. 360 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 ინფიცირებული კი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 481 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 488 ადამიანი.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 50 230 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 079 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 2 068 394 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 572 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 19 811 747 შემთხვევაა დადასტურებული. 729 661 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 726 148 პირი გამოჯანმრთელდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი