fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

129

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 306-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, კორონავირუსისგან კიდევ 17 პაციენტი განიკურნა და მათი საერთო რაოდენობა 1 085-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 7 597 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 261.

ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ინდოეთის სამედიცინო ასოციაციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის წერილით მიმართა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა კორონავირუსის კრიზისის დროს სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების საკითხის გამო.

სამედიცინო ასოციაციის წერილში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ორასამდე ექიმი ემსხვერპლა.

„ექიმების სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობა ინფიცირდება და კორონავირუსით კვდება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადი პრაქტიკოსები არიან.” – ნათქვამია წერილში.

ინდოეთის სამედიცინო ასოციაციის მონაცემებით, 7 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსს 196 ექიმი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის, ინდოეთში კორონავირუსის 2 461 551 შემთხვევაა დადასტურებული; 48 153 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 751 846 პირი გამოჯანმრთელდა.

საფრანგეთის მთავრობამ დედაქალაქი პარიზი და მარსელის გარშემო ბუშ-დიუ-რონის ტერიტორია კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ საფრანგეთის მთავრობის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავრობის განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ხელისუფლებას ადამიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის, საზოგადოებრივი და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვისა და იმ დაწესებულებების დახურვის უფლებას აძლევს, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.

აღნიშნული შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ქვეყანაში ბოლო 2 კვირის მანძილზე „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიიღეს.

ლონდონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საფრანგეთიდან ჩასულ ადამიანებს მოუწევთ, 14 დღე კარანტინში გაატარონ. ამის შესახებ BBC წერს.

ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღეს.

საპასუხოდ, საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საკითხებში, კლემენტ ბონმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება დასანანია და რომ საფრანგეთი საპასუხო ზომებს მიმართავს.

საფრანგეთში კოვიდნფიცირების 193 694 შემთხვევაა აღწერილი, 30 243 ადამიანი კი, გარდაიცვალა. ბრიტანეთში კი, 313 802 ადამიანი დაინფიცირდა და 46 706 ინფიცირებული გარდაიცვალა.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში კორონავირუსის 52 929 შემთხვევა დადასტურდა, 1 086 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, მექსიკაში კორონავირუსის 7 371 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 627 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მექსიკაში კორონავირუსის 505 751 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 55 293 ადამიანი გარდაიცვალა.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ასზე მეტი შემთხვევა აპრილიდან პირველად დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში ვირუსის 14 873 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 305 ადამიანი გარდაიცვალა.

ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ. ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რითაც ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ გაყინულ საკვებ პროდუქტებში კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები შესაძლოა, საკვებისგან დაინფიცირდნენ.

გუშინ, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ქათმის ხორცი ერთ-ერთ უდიდეს ბრაზილიულ კომპანია Aurora-ს ეკუთვნის. კომპანიის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ის პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდება.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 21 072 424 შემთხვევაა დადასტურებული; 757 476 პირი გარდაიცვალა, ხოლო 13 924 653 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი