Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სოფელ მატანში სასწავლო პროცესი შესაძლოა არ დაიწყოს

81

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი, შესაძლოა არ დაიწყოს. – ამის შესახებ რადიო “ჰერეთთან” ახმეტის საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა ნადიბაიძემ განაცხადა.

“მივიღეთ რეკომენდაცია, რომ სწავლის დაწყების წინა დღეს პედაგოგები სკოლაში არ გამოცხადდნენ. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მისი განახლება ტესტირების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ამ ქორწილთან, სადაც ინფიცირება მოხდა, ჰქონდა თუ არა შეხება რომელიმე პედაგოგს. ამიტომ დაველოდებით ეპიდემიოლოგებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. მუნიციპალიტეტის დანარჩენ სკოლებში სწავლას ჩვეულებრივად დავიწყებთ.” – განაცხადა ნადიბაიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მატანში პედაგოგების ტესტირებაც იგეგმება.

“რეკომენდაცია, რომ პედაგოგები წინა დღეს სკოლაში არ მივიდნენ, ნამდვილად გავეცით. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ეპიდემიოლოგები მუშაობენ იმისათვის, რომ გავარკვიოთ, პედაგოგები, ან სკოლის მოსწავლეები, ხომ არ არიან კავშირში ინფიცირების შემთხვევებთან.” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
11 სექტემბერს ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომლისგანაც მისი მშობლებიც დაინფიცირდნენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი