Hereti FM

უშუქობა აახლოვებს – ლია კამლაძის ბლოგი

78

ჩემი ცხოვრების აქტიური პერიოდია. სამუშაო დღე დილის 9 საათზე მეწყება და საუკეთესო შემთხვევაში, ღამის პირველ საათზე სრულდება (ოღონდ დღეგამოშვებით ვმუშაობ).

რიტმი ისეთი თავბრუდამხვევია, დროის შეგრძნება იკარგება…უკაცრავად, მაგრამ ყველაზე უკეთ ასე მიგახვედრებთ:ტუალეტში მივდივარ არა მაშინ, როცა მინდა, არამედ, როცა მცალია…ოღონდ, ეს ყველაფერი სასიამოვნო დაღლას იწვევს (მაზოხისტი არ ვარ, მე მართლა მიყვარდა რასაც ვაკეთებდი და თავმდაბლობის გარეშე ვამბობ,- კარგადაც ვაკეთებდი).

ჩემს ირგვლივაც ისეთი ხალხი იყო შეკრებილი, დღეს რომ დებილებს დაუძახებდნენ და მაშინ რომ გიჟი ენთუზიასტები ერქვათ (მიზერულ ანაზღაურებასაც ვითვალისწინებ)…

მოკლედ, ვმუშაობთ, ვიღლებით, დღის ბოლოს გამოწურულ ლიმონს ვგავართ, მაგრამ ბედნიერები ვართ…მაგრამ…აქ არის კიდევ ერთი კატეგორია, რომელსაც სულ არ აინტერესებს, როგორ იმუშავე,მისთვის მთავარია დროზე მორჩე საქმეს…ესენი ჩვენი მძღოლები არიან (სახლებში უნდა დაგვარიგონ)…

ყველაზე მეტად ჩემი მორიგეობა ეჯავრებათ, მაგრამ რა ქნან…

ერთ დღესაც, მოვლენებით დატვირთული დღეა და ღამის სამ საათზე ძლივს მოვრჩით საქმეს. მორიგე მძღოლი გაღიზიანებულია (ერთი პირი გამოიძინა კიდეც, მაგრამ მაინც სახლში უნდა…).

გზაში რეპლიკებს ისვრის ,,შენს მეტი არავინ მუშაობს”, ,,სხვებს რითი სჯობიხარ” და ამგვარი…ვითმენ თუ ვუთმენ…რეპლიკებს ამძაფრებს ,,აბა, შენ ვინ გითხოვდა”…რაო?…. ,,შენისთანა ქმარი რომ მდომოდა, ერთი კი არა, ასი მეყოლებოდა”-ვუბრუნებ გაკაპასებული პასუხს…

,,ჰოოო…გამოგაგდებდა მეორე დღესვე”…,,კიიი?? რატომ პირველ დღეს არა?”…მოკლედ, ასე ,,შეხმატკბილებულ” საუბარში სახლთანაც მივედით.

ის პერიოდია, შუქი რომ საღამოს რვა საათზე მოდიოდა და 12 საათზე ქვრებოდა….

შუქი არ არის, სადარბაზო ჩაბნელებულია…მე პანიკურად მეშინია სიბნელის…რა ვქნა? (სხვა დროს, უთქმელად მიმყვებოდნენ მძღოლები სახლის კარამდე).

ახლა, რომ მოვკვდე, არ ვთხოვ…ისიც ხმას არ იღებს…ჩამოვედი მანქანიდან და კარები მივიჯახუნე…

დავადე თავი და სადარბაზოში შევედი (დედა როგორ მეშინოდა?!)…ფარანი მაქვს, მაგრამ შუქ-ჩრდილები უფრო მაფრთხობს…

პირველ სართულს ავცდი თუ არა, უკან ფეხის ხმა და მძღოლის ბურდღუნი მესმის ,,არაფრის ღირსი არ ხარ, მაგრამ მარტო როგორ გაგიშვა”…ნათდება, თბება და დნება ჩემში ყველაფერი, მექანიკურად ვტრიალდები და მე და ბატონი ვალიკო ფრონტელი მეგობრებივით ვეხვევით ერთმანეთს…

რადიო ჰერეთი