ესებუას ადვოკატები აცხადებენ რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი ჩაუდეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/ესებუას-საქმე.jpg)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარე პოლიციის შენობა ბიძინა ესებუას უფლებადამცველებმა, იოსებ ჯანაშიამ და ხათუნა ჯანაშიამ ამ წუთებში დატოვეს.
ბიძინა ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღარებს და აცხადებს, რომ პოლიციის მერ ამოღებული იარაღი მას ჩაუდეს.
“მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, შევხვდით დაკავებულს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად მასალები გადმოგვეცემა მას შემდეგ, რაც მოხდება ბრალის ოფიციალური წარდგენა. ამ ეტაპისთვის ის ბრალს აღიარებს, ედავებიან საბრძოლო მასალის გადაზიდვას. ნივთმტკიცებები ამოღებულია მისი კუთვნილი მანქანიდან, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს მას ჩაუდეს. მოგეხსენებათ ის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იდგა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით ამ მანქანის საბარგული არ იკეტებოდა და თვლის რომ სწორედ იმ დროს მოხდა იარაღის ჩადება, საუბარია ორ ხელყუმბარაზე და ას ცალ ვაზნაზე. რისთვის უნდა დასჭირვებოდა ბიძინას ეს მასალა საბარგულში?”,-განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა ძებნილი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა.
მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, ბიძინა ესებუას უთვალთვალებდნენ, რადგან, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჰქონდათ ვარაუდი, რომ მას ძებნილი ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთები უნდა გადაეცა.
ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა. დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.
ბიძინა ესებუას ძმას,ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში.
შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.