მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

68 წლის პენსიონერი თელავში ღია ცის ქვეშ დარჩა

საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო, 68 წლის პენსიონერი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, დღეს მოხდა.

სახლის მფლობელის, ემა ლომიძის განმარტებით, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის რემონტს, წლებია ითხოვს, თუმცა, თელავის მერიამ მას მხოლოდ ქირის სოციალური პროგრამით სარგებლობა შესთავაზა.

“წლებია დავდივარ და დახმარებას ვითხოვ, მოვიდნენ, ნახეს და თვითონვე თქვეს, რომ აქ ცხოვრება არ შეიძლებოდა. ქირის პროგრამით სარგებლობა შემომთავაზეს, მაგრამ ასი ლარია და ამ თანხით ვერაფერი ვიშოვე. ისევ აქ ყოფნას ვამჯობინებდი. ახლა სად წავალ, არ ვიცი, სიკვდილს გადავრჩი დილას, ვეღარ გამოვდიოდი სახლიდან”- განაცხადა ლომიძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტეს, რომ საცხოვრებელი სახლების სარემონტო სამუშაოებს, ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ აფინანსებს.

” ქირით უზრუნველყოფა შევთავაზეთ, მაგრამ უარი თქვა. სამწუხაროდ, სახლების სარემონტო სამუშაოებს, მერია ვერ აფინანსებს. კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ამ საკითხს, რომ ქუჩაში არ იყოს”_ განმარტეს მერიაში.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქირით უზრუნველყოფის სოციალური პროგრამა,საჭიროების მქონე მოქალაქის, ყოველთვიურად ასი ლარით დახმარებას ითვალისწინებს.

თელავში, მინიმალური საცხოვრებელი პირობებით ბინის დაქირავების ყველაზე დაბალი ფასი, 150 ლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button