მნიშვნელოვანისიახლეები

2023 წლის დასაწყისიდან, კონკრეტულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება

2023 წლის დასაწყისიდან, კონკრეტულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, ფასების ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური განმარტავს, რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის, თუ მედიკამენტების მიწოდებაა.

„თავდაპირველად, ზედა ზღვარს ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის განვსაზღვრავთ, რადგან სწორედ ისინი იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით და არის ყველაზე ძვირადღირებული.

ახლა სწორედ მეთოდოლოგიის შერჩევის ეტაპზე ვართ. პროცესში ჩართულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, ვისაც ნამუშევარი აქვს ამ რეფორმაზე ბულგარეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ა.შ.“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რეფერენტული ფასები გენერიკების დონეზე დაწესდება და ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკრეტული გენერიკის გაყიდვას გადაწყვეტს, ვალდებული იქნება, დადგენილ ტარიფზე მაღალი ფასი არ დააწესოს.
ამასთან მედიკამენტების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს, თურქეთის შემდეგ, ახალ ბაზრებთან იწყებს – მიზანი მომხმარებლებისთვის წამლებზე ხელმისწავდომობის გაზრდაა.

მიმდინარეობს მოლაპარაკება და ქვეყნების ჩამონათვალის შედგენა, საიდანაც სამკურნალო საშუალებებს შედარებით დაბალ ფასად შემოიტანენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა მედიკამენტი უნდა აკმაყოფილებდეს “ჯი-ემ-პი” სტანდარტს.

“ერთიანი სამოქმედო გეგმა და მთლიანი პოლიტიკა მიმართულია ხელმისაწვდომი ჯანდაცვის და სამკურნალო საშუალებებისთვის. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ჯანდაცვის სისტემაში მკურნალობაზე დახარჯული პროცესების თითქმის 36% სწორედ სამკურნალო საშუალებებზე მოდის, რაც საკმაოდ დიდია. აქედან თითქმის 96%-ის გადახდა ჯიბიდან უწევს პაციენტს.

წამლების შემოტანა შესაძლებელი გახდება ყველა ქვეყნიდან, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთ ბაზარზე ეფექტური, ხარისხიანი, უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების მიმოქცევით და აქვთ შედარებით დაბალი ფასი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში,” – აცხადებს რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button