მნიშვნელოვანისიახლეები

,,ჩვენ ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე და ვიმოქმედოთ მათი მანდატით,,-ოცნებამ რუსული კანონი 84 ხმით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

“კოლეგებო, მადლობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ბატონმა ანრიმ წაიკითხა პარლამენტის წევრის ფიცი და ეს ფიცი თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე და ვიმოქმედოთ მათი მანდატით. არც ერთი სხვა ხალხი, ქვეყანა და ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს. ზუსტად ამას ეხება ეს კანონი და დიდი მადლობა ამისთვის”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო.
თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული, ფრაქცია “ქართული ოცნების“ პროექტი დადგა, რომელსაც 84- ხმით ( 4 – წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება. კანონი პრეზიდენტს სამი დღის ვადაში უნდა გადაეცეს, რომელსაც ხელმოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 60 დღის ვადაში, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. რეესტრის ამოქმედების შემდეგ კი, მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

ამავე დროს, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
ამასთან, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად, საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით. 29 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე განხილვისას კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის ბ, გ და დ ქვეპუნქტებში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა.
რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ.

კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ “ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს”.

კობახიძე მადლობას უხდის ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებმაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. კერძოდ, ისმოდა შეძახილები: “მონებო”, “მოღალატეებო”, “სირცხვილია”.

აქციის მონაწილეები ასავე სკანდირებდნენ: “საქართველო”, საქართველოს გაუმარჯოს”.

ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განიხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან, დილით, 10:00 საათიდან იკრიბებოდნენ.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button