მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 213-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 7-ით გაიზარდა და 994-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 6680 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 333.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 114 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი, გარდაიცვალა.

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 000 054-ს მიაღწია. ამის შესახებ AFP-ი იუწყება.

ბოლო მონაცემებით, ინფექციით 21 687 ადამიანი გარდაიცვალა, 676 594 კი, გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა (დაახლოებით, 538 000), მეორე ადგილზეა ეგვიპტე (95 000), მესამეზე კი, ნიგერია (45 000-ზე მეტი).

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 58 168 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

შედეგად, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 2 021 407 შემთხვევა დადასტურდა. აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ, ეს უკვე მესამე ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიოში ამ მაჩვენებელს გადააჭარბა.

ქვეყანაში ვირუსს 40 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით (1,3 მილიარდი ადამიანი) ეს არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მთავრობას ვირუსის გავრცელების რეალური სტატისტიკის დამალვაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების წყარო ჩინეთი იყო. ამის შესახებ მან ოჰაიოს შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკა შევქმენით. შემდეგ ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა. გამოუშვა არაკომპეტენტურობის ან სხვა მიზეზის გამო. ეს ჭირი აშშ-ს, ევროპას და უამრავ სხვა სახელმწიფოში შეიჭრა. ამას არასდროს დავივიწყებთ.” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლებში დონალდ ტრამპი ხშირად აკისრებს პასუხისმგებლობას ჩინეთს კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთვის. თეთრი სახლი ოფიციალურ პეკინს ვირუსის წარმოშობისა და ინფექციის გავრცელების მასშტაბების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

worldometers info-ს ცნობით, ამ დროისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 5 032 179 შემთხვევაა დადასტურებული; 162 804 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 576 668 გამოჯანრთელდა.

იგივე მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 19 266 069 შემთხვევაა გამოვლენილი. 717 787 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 364 324 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button