კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძალადობაში ბრალდებული თელავის საკრებულოს დეპუტატი პატიმრობაში დატოვეს

წერაკითხვის უცოდინრების დაწერილი ბრალდებით მასამართლებენ და ნაციონალების წისქვილზე ასხამენ წყალს. ეს არის უსამართლობა“, – ასე მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა მიხეილ გრემელაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გრემელაშვილმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინების გამოცხადება ყვირილით შეაწყვეტინა, რის შემდეგაც მას ბადრაგმა სხდომის დარბაზი დაატოვებინა.

ბრალდებულის ემოციური მდგომარეობის გამო, სასამართლოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმების გადაწყვეტილებით, მაღალი არტერიული წნევის გამო, ბრალდებული სასამართლო დარბაზში აღარ დაბრუნებულა.

მოგვიანებით, მიხეილ გრემელაშვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და დარბაზში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

მანამდე, სასამართლო პროცესზე, ადვოკატმა, ზურაბ ბელთაძემ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის – 800 კაცის ხელმოწერილი სია, აგრეთვე მიხეილ გრემელაშვილის დახასიათება წარადგინა და გარკვეული პირობების შესრულებით, მისი 50.000 ლარიანი გირაოთი განთავისუფლება მოითხოვა.

დაცვის პოზიციას საქმის პროკურორი, დავით გველესიანი არ დაეთანხმა. მისი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში, ფიგურირებს ბრალდებულის ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც დღემდე განიცდიან შიშს მამის მიმართ.

გარდა ამისა, ბრალდების მხარემ განმარტა, რომ არსებობს მიხეილ გრემელაშვილის მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოს ეზოში იმყოფებოდნენ მიხეილ გრემელაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები.

ბრალდებულის დედა იამზე აჩუაშვილი მისი შვილის მიმართ წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება.

ინციდენტის დროს სახლში არ ვყოფილვარ, თუმცა მე ჩემი შვილი მოძალადედ არ გამიზრდია. მისმა უფროსმა შვილმა, სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. ჩემი რძალი წარმატებული ქალია. მოძალადეების ოჯახებში წარმატებულები არ არიან“, – განაცხადა აჩუაშვილმა.

წაყენებულ ბრალს არ აღიარებს თავად ბრალდებულიც.

მიხეილ გრემელაშვილი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს.

დეპუტატის დაკავება, მისი ნათესავის, სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელის – მარიამ კუკუნაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა. მარიამ კუკუნაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ გრემელაშვილი შვილებზე ძალადობს და წარსულში ცოლზეც არაერთხელ უძალადია.

სამართალდამცავებმა იმავე დღეს გაჩხრიკეს საკრებულოს წევრის საცხოვრებელი სახლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში. ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და „ტტ“ სისტემის რევოლვერი ამოიღო.

2020 წლის 11 ივლისს თელავის რაიონულმა სასამართლომ, მიხეილ გრემელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. იმავე დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გრემელაშვილს უფლებამოსილება შეუჩერა.

გამოძიება საკრებულოს წევრს ხუთ ეპიზოდში ჩადენილ დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის 11′, 126′, 151, 236-ე მუხლებით ედავება. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში გრემელაშვილს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოუსმინეთ ჩართვას თელავიდან. ჩვენი კორესპოდენტი ხათუნა გულიაშვილი საუბრობს

მსგავსი პოსტები

Back to top button