მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერო-ს საევაკუაციო კოლონის გასვლის შემდეგ რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს

გაერო-ს საევაკუაციო კოლონის გასვლის შემდეგ რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს. აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა, როგორც მოსალოდნელი იყო, ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. კერძოდ, მათ სცადეს გარღვევა ხიდზე, რომელიც საევაკუაციო კარიბჭეს წარმოადგენდა. წარუმატებლად“, – აცხადებს ანდრიუშჩენკო.

ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ რუსებმა მარიუპოლში მდებარე ქარხანა „აზოვსტალზე“ შტურმი 3 მაისს დაიწყეს და ქარხნის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც ბატალიონ „აზოვის“ მებრძოლები არიან გამაგრებული.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სამშობლოს დაცვის“ და პატრიოტიზმის მოკლე ექსკურსი გააკეთა მოსკოვის წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას და ომის ვეტერანებს მიულოცა „დიდ სამამულო ომში“ გაამარჯვების დღე, 9 მაისი.

„ამ დღეებშიც თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში და ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, – მიმართა პუტინმა აღლუმის მონაწილე სამხედროებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ისევ ილაპარაკა, თუ როგორ შესთავაზეს დასავლეთს შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და როგორ მოუწოდებდნენ “გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ”, თუმცა, „ნატოს ქვეყნებმა არ ისურვეს რუსეთის მოსმენა“, რადგან სინამდვილეში სხვა გეგმები ჰქონდათ. უკრაინის მიერ არაერთხელ უარყოფის მიუხედავად, პუტინმა ისევ ახსენა უკრაინის მიერ დაგეგმილი „სადამსჯელო ოპერაცია დონბასში“ და თქვა, რომ მზადდებოდა შეჭრა რუსეთის „ისტორიულ მიწებზე, ყირიმის ჩათვლით“.

„ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა ნეონაცისტებთან, ბანდერელებთან, რომლებზეც ფსონს დებდნენ აშშ და მისი უმცროსი კომპანიონები“, – განაცხადა პუტინმა. მან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს უწოდა „აგრესიის წინასწარ მოგერიება“, რაც პუტინის განცხადებით, იყო „იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, რომელიც მიიღო „სუვერენულმა, ძლიერმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ“.პუტინმა მოსკოვის წითელი მოედნიდან მიმართა დონბასელ მეამბოხეებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომ ისინი იბრძვიან „სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, იმისთვის, რომ მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები არავის დაავიწყდეს და მსოფლიოში აღარ იყოს ჯალათების და ნაცისტების ადგილი“.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, “დიდ სამამულო ომში” გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობდა 11 ათასამდე სამხედრო. მოსკოვის წითელ მოედანზე გაატარეს ტანკებიც.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმის დაწყებამდე, უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პოდოლიაკის განცხადებით, ამ ომისთვის არანაირი რაციონალური მიზეზი არ არსებობდა.

„მოდი ახლიდან ვისაუბროთ. ნატოს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას. უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ. არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ რომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button