გაუქმებული, აღდგენილი და დაგეგმილი ავიარეისები
ავიაკომპანია „ვიზ-ეარი“ ქუთაისიდან ფრენებს 19 მიმართულებით აუქმებს. გამოცემა ,,ევიეიშენ 24”-ი, წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, კომპანიამ ქუთაისში თვითმფრინავების რაოდენობა ორამდე შეამცირა.
შედეგად, შეჩერდება ან საერთოდ გაუქმდება, საერთო ჯამში, 19 მიმართულება. გაუქმებული მარშრუტების ჩამონათვალში შედის ნიცა, სტოკჰოლმი, ვენეცია, ნეაპოლი, კიოლნი, ბარსელონა, ბარი, პარიზი, ბრიუსელი და სხვა ევროპული ქალაქები. კომპანია „ვიზ-ეარს“ ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისი გამონაკლისი არ არის, რადგან უნგრული ავიაკომპანია თვითმფრინავების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ამცირებს.
რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე აღდგეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავს. მათ შორის, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა.
„რუსული ავიაგადამზიდების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფი აღდგენისთვის, განიხილება შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეში რეისების აღდგენა. ეს არის მიმართულებები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია. რაც საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს, დაბალ სეზონზეც კი მიიღონ გარანტირებული მგზავრების ნაკადი.” – წერია ტუროპერატორების ასოციაციის განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკება დაწყებული. როგორც მაჭავარიანი აცხადებს, საზღვრების გახსნაზე მოლაპარაკებები უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებთან არ ყოფილა.
„რამდენიმე ქვეყანასთან იყო მოლაპარაკება, არ მინდა ამ ეტაპზე დავასახელო ეს ქვეყნები. რამდენიმეში ეპიდსიტუაცია გაუარესდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მართვადი გახდება და პირველად გეგმებს დავუბრუნდებით. არ მინდა დღესვე ვთქვა, რომ ამ ქვეყნებში ეპიდაფეთქებაა და აღარ ვითანამშრომლებთ. საბოლოო ჯამში გამოჩნდება ალბათ, ე.წ. “მწვანე კორიდორის” კონცეფცია, სადაც ურთიერთაღიარების და ურთიერთნდობის პრინციპზე, შედარებით იოლად და მარტივად ვუმასპინძლებთ ერთამნეთის სტუმრებს. უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებზე არ იყო.” – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.