კრიმინალი

ინგლიშ,ნემეც,რუსო? – უჰ, როგორ გეკადრებათ?! – ლია კამლაძის ბლოგი

პირველად ვარ საზღვარგარეთ,- უნგრეთში (სტუდენტური გაცვლითი პროგრამით). უნგრული, რა თქმა უნდა, არ ვიცი.

ვიცი მხოლოდ მატარებელში ნასწავლი უნგრული სიმღერა ,,ოზოსიპ, ოზოსიპ, ო ქინექე სემე ქიქ” და ა.შ.

გზაშივე გაგვაფრთხილეს, ქალაქში მარტო არ იაროთ და თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ, პოლიციელს მიმართეთო.

მოკლედ, დავბინავდით სასტუმროში, ცოტა დავისვენე და აივანზე გადამდგარი ქალაქის ხედით ვტკბები…

სულ ახლოს დუნაი მიედინება…

რატომღაც მდინარის ნაპირას დაჯდომა მომინდა.

დავირბინე ოთახები, ბავშვებს სძინავთ, ჩვენს ხელმძღვანელებსაც. ეშმაკი რომ შეგიჩნდება და…წავედი მარტო. ისეთი უცნაური ქუჩებია, ყველა ერთმანეთს ჰგავს, თანაც პირდაპირ კი არ მიდის, უხვევ,უხვევ და რომ გგონია მიხვედი, ისევ ქუჩა, ისევ ერთნაირი სახლები…

როგორც იქნა მდინარემდე მივაღწიე. ნაპირზე დავჯექი, ვოცნებობ…ამასობაში მზე ჩავიდა და მოსაღამოვდა. უკან დაბრუნება გადავწყვიტე. მე კი გადავწყვიტე, მაგრამ…აღარ ვიცი საიდან მოვედი და როგორ…მივდივარ, მივდივარ და ვერ ვცნობ გარემოს…თან შემეშინდა და თან გამოსავალს ვეძებ, რა ვქნა…

დეიდაჩემი სულ მეუბნებოდა, თვალების უშნოდ შემოცეცება იციო და ახლა ამის თავი მაქვს?!…

დავღუნე თავი და მივდივარ…უცებ, ჩემი ფეხების სიახლოვეს ვიღაცის ფეხები გაჩერდა…შიშისგან შევხტი და თვალების შემოცეცება მაშინ გენახათ…

ჩემს წინ მომღიმარი ბიჭი დგას, კარგი, ცუდი, ვერ აღვიქვამ…და რაღაცას მეკითხება…

ვაქნევ თავს და ვშლი ხელებს…არაფერი გამოდის…ისეთ დღეში ვარ, ხმამაღლა ვფიქრობ: (ქართულად) ,,თუ კაცი ხარ, თავი დამანებე, დავიკარგე, შენთვის არ მცალია”…ბიჭი მიხვდა და დაიწყო ჩამოთვლა: ინგლიშ…გავაქნიე თავი, ნემეც…ისევ უარი, რუსო..უჰ, როგორ გეკადრებათ…

ისე ენერგიულად ვიქნევ თავს, კინაღამ მომძვრა…მოკლედ, არაფერი გამოვიდა და ალბათ დამემშვიდობა, ბიჭმა რაღაც მითხრა და წავიდა…ის კი წავიდა, მაგრამ მე რა ვქნა? ღამდება, პოლიციელი არსად ჩანს…

გზას ვაგრძელებ…

ცოტაც და ხმამაღლა ავტირდები (ჰო, დამავიწყდა, იმ ბიჭმა თავისი სახელი მითხრა, ზაკი ერქვა)…

ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული ქუჩებიდან მთავარ გამზირზე გავედი, მაგრამ რად გინდა, ორიენტაცია მაინც ვერ ავიღე, ასე ბრმად მივდივარ…

უცებ ვხედავ იგივე ბიჭი…,,უი ზაკ” – შევეგებე მე ქართულად (მართლა გამიხარდა მისი დანახვა)…ეს მაინც არ დავკარგო და სულ მარტო არ დავრჩე-თქო – გავიფიქრე…ზაკი მიღიმის და რაღაცას მეუბნება, დისკოტეკა გავიგე…

,,რა დისკოტეკა, დავიკარგე, გული მისკდება-თქო” – ვეუბნები ქართულად, თან გზას ვაგრძელებთ და…აქ მოხდა სასწაული…მე ვიცანი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია, გამოჩნდა შენობის ფასადიც…

სიხარულით გავგიჟდი, ვხტოდი და ვყვიროდი ,,ზაკ, ვიპოვე, სასტუმრო ვიპოვე”…ზაკს ჩემი არ ესმოდა, მაგრამ ძალიან უხაროდა ჩემი სიხარული. სასტუმროს წინ მთელი ჩვენი ჯგუფი, სასტუმროს ადმინისტრაცია, პოლიცია…

ამ დროს მე გაკვირვებულ და დაბნეულ ზაკს ხელკავი გავუკეთე და ნაზად, ასე სეირნობით მივედით გაგიჟებულ ,,ჩვენებთან”. ჯგუფის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირინა დიმიტრიევნას თურმე ძლივს აბრუნებდნენ, ნერვიულობით გული მისდიოდა და ამ დროს მე…ხელკავით ბიჭთან ერთად…ირინა დიმიტრიევნამ დემონსტრატიულად დაგტოვა (სიტყვის თქმის ღირსადაც არ ჩამთვალა)….

რა იცოდა რა გადავიტანე…სხვათა შორის, როცა სიმართლე მოვყევი, არავინ დამიჯერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button