მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის სოფლების ნაწილს აზიური ფაროსანა შეესია.

კახეთის სოფლების ნაწილს აზიური ფაროსანა შეესია.

მავნებელი მწერის მომრავლებას, განსაკუთრებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უჩივიან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო ორი კვირაა, ფაროსანას განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება და მწერების რაოდენობა, ყოველდღიურად იზრდება.

” ძალიან მომრავლდნენ, უკვე სახლებში არიან დიდი რაოდენობით და ყოველდღე ვხოცავთ. ვიცით, რომ განსაკუთრებით მოსავალს ვნებს, მაგრამ რა გზით ვებრძოლოთ, ინფორმაცია არ გვაქვს. თუ დროულად არ მიეხედა, მომავალ გაზაფხულზე, ესენი ამოვლენ, უფრო მეტი იქნებიან და მოსავალს სულ გაგვინადგურებენ”- ამბობენ სოფელ მაწიმში.

ლაგოდეხის სოფლებში აზიური ფაროსანას გავრცელების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.

მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მავნებლის მასობრივად გავრცელება არ შეინიშნება,თუმცა კერების დამუშავება დაწყებულია.

„ფაროსანა ნამდვილად დაფიქსირებულია რამდენიმე სოფელში. დაწყებულია ტერიტორიების თერმული ნისლით,ანუ სპეციალური ხსნარით დამუშავება. ასევე ვაკვირდებით, რამდენად სწრაფად მრავლდება. ვცდილობთ ისიც დავადგინოთ, საიდან მოხვდა ფაროსანა ამ ტერიტორიაზე. თუ გავრცელება დაიწყო მეზობელი აზერბაიჯანის მხრიდან, მაშინ საზღვარზე ავტომობილების დამუშავება იქნება აუცილებელი“ – განაცხადა მდივნიშვილმა.

მავნებლის მომრავლებას, მოსახლეობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც უჩივის.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ კახეთის სოფლებში აზიური ფაროსანას გავრცელების ადგილებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჯერ-ჯერობით შეზღუდულ არეალში, ტარდება ღონისძიებები მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ. მიმდინარე წელს, ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება არ დაფიქსირებულა. ამჟამად ტარდება პრევენციული ხასიათის ღონისძიებები, იმისათვის, რომ მომავალ წელს მავნებლის რიცხოვნობა არ გაიზარდოს”- განმარტავენ უწყებაში.

აზიური ფაროსანა 2016 წელს დასავლეთ საქართველოში გავრცელდა და მოსავლის ნაწილი გაანადგურა.

მავნებელი მწერი მცენარის ფოთლებით, ყლორტებითა და ნაყოფით იკვებება, რაც მცენარის სრულად დაზიანებას იწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button